2 сент. 2011 г.

გვპასუხობს მოძღვარი

           რა არის მარხვა


   მარხვა მხოლოდ ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა არაა. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი მარხვა ღმერთმა ადამიანს სამოთხეში, მისი ცხოვრების დასაწყისშივე დაუწესა, როცა მისცა პირველი მცნება - არ ეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. მაგრამ ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით, ადამმა და ევამ აღმოაჩინეს, რომ ხე ცნობადის ნაყოფი ლამაზი და გემრიელია. ღვთის მიერ დადგენილი მცნება კი დაივიწყეს და მარხვა დაარღვიეს.

მარხვის დრო ადამიანს უნდა აერჩია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის - საკუთარი, პატარა სურვილების დაკმაყოფილება, თუ ღვთის ნდობა, მისი დაჯერება.

და აი, ადამიანმა აირჩია საკუთარი სურვილები. მისთვის სამყარო საინტერესო გახდა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა მისგან სიამოვნების მიღება. მას დაავიწყდა, რომ ღმერთმა დაავალა სამოთხის დაცვა, მისი პატრონობა, ე.ი. ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც, ამიტომაც დაკარგა სამოთხე; დაკარგა მარადიული სიცოცხლე, ღმერთი.

ჩვენც, სამწუხაროდ, ასეთ არჩევანს ვაკეთებთ ხოლმე.

მაგრამ ღმერთი კაცთმოყვარეა. მას უყვარს თითოეული ჩვენთაგანი და არ გვტოვებს. ადამი დაეთანხმა ბოროტ ანგელოზს, იესუ ქრისტემ კი უდაბნოში ორმოცი დღის მარხვის შემდეგ, მას ასე უპასუხა: არა მხოლოდ პურით, არამედ ღვთის სიტყვით ცხონდება კაცი, ანუ ყოველი ადამიანი ღვთისაგან, მისი სიტყვის შესრულებით მიიღებს სასიცოცხლო ძალასო.

ასე გვასწავლის უფალი მარხვას.

თუკი მარხვა პირველ ადამიანებს სამოთხეში სჭირდებოდათ, მით უფრო გვჭირდება ის ჩვენ დღეს. რადგან მარხვა - ესაა საკუთარი თავისადმი დასმული კითხვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა საქმის კეთებისას - რომელ გზას ვირჩევთ, რა უფრო მთავარია, მთელი ფუნთუშის ჭამა, თუ ნახევარის განაწილება მისთვის, ვინც ამ დროს მშიერია? რა უფრო უკეთესია, შენს გვერდით მყოფი ადამიანის ნაკლზე ხითხითი, მისი აბუჩად აგდება, თუ მისი თანაგრძნობა? რა სჯობს, მშობლების წინაშე ჯიუტობა, მათი გულისტკენა, თუ მათთვის სიხარულის მინიჭება?

რა უფრო მნიშვნელოვანია? ღვთისაგან საჩუქრად ბოძებული სიცოცხლის ტყუილუბრალოდ ხარჯვა გაუთავებელ გასართობებში, თუ სამყაროში არსებული უამრავი საინტერესო საიდუმლოს ამოხსნა?

მარხვა - ესაა სწავლა სწორი არჩევანის გაკეთებისა.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“







უძველესი ქორწინების, ანუ ჯვრისწერის საიდუმლოება



 
 გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

მამა გიორგი:
– ეკლესიაში არსებულ 7 საიდუმლოთაგან, ყველაზე უძველესი ქორწინების, ანუ ჯვრისწერის საიდუმლოებაა. დღეს ბევრი მაგალითია იმისა, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს შეუფერებელ ადგილას გაიცნობენ, უცბად შექმნიან ოჯახს და მალე შორდებიან ერთმანეთს. თუმცა, აცხადებენ, რომ მოუმზადებელნი იყვნენ და მათთვის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. შეგვიძლია დღევანდელ ახალგაზრდებს მივცეთ დარიგება, როცა ოჯახის შექმნას დააპირებენ, რასაკვირველია, თუ ისინი ეკლესიურები არიან, აუცილებლად მიმართონ ღმრთისმსახურს. მოძღვარი გააცნობს მათ ოჯახში მამაკაცის და დედაკაცის მოვალეობებს, როგორი მეუღლეობა მართებს თითოეულს. ეკლესიას შესანიშნავი ტრადიცია ჰქონდა, ჯერ ხდებოდა დაწინდვა, ანუ ბეჭდების გაცვლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქორწინდებოდნენ. ჯვრისწერა მაშინ მეყვსეულად არ სრულდებოდა. ეკლესია აძლევდა მოსამზადებელ პერიოდს, რომ ერთმანეთი კარგად გაეცნოთ და შემდგომში, შეიძლებოდა, ჯვარი არ დაეწერათ, თუ არ მოეწონებოდათ მათი ხასიათი, ზნე და ა.შ. დღეს ეს ორი მსახურება, დაწინდვა და ქორწინება, ერთად აღესრულება. ამ პრაქტიკას ვერ დავიცავთ, იმიტომ რომ ახალგაზრდები ძალიან ჩქარობენ. ფაქტიც სახეზეა, ნაჩქარევად შექმნილი ოჯახი ნაჩქარევადვე ინგრევა.
– რის გათვალისწინება მართებთ მომავალ მეუღლეებს?
– პავლე მოციქული გვარიგებს, რომ მეუღლე ისე უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, რომ თავი უნდა გასწირო მისთვის ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის და გაწმინდა იგი საბანელითა წყლისაითა. შენი მეუღლე შეიძლება იდეალური არ იყოს, არ იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება და მამაკაცის მოვალეობაა, როგორც ქრისტემ განწმიდა ეკლესია საბანელითა წყლისაითა, ასევე, მეუღლე მოიყვანოს წესრიგში. კი არ ეჩხუბოს და გაუშვას სახლიდან, არამედ, თუ რამე არ მოსწონს, გამოასწოროს. ესაა დედაკაცზე მამაკაცის მზრუნველობა. მგონი, ყველა მამაკაცს უყვარს საკუთარი სხეული და უვლის მას. ისევე უნდა უვლიდეს საკუთარ მეუღლეს, როგორც საკუთარ თავს. მეუღლეობა თავგანწირვაა.
– ჯვრისწერის საიდუმლოს ერთ–ერთ საკითხავში აღნიშნულია, "ხოლო დედაკაცს ეშინოდეს ქმრისა", რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
– დიახ, სამოციქულო ეპისტოლეში, ეფესელთა მიმართ, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოს დროს იკითხება, აღნიშნულია, "ხოლო დედაკაცს კი ეშინოდეს ქმრისა". ამ სიტყვების წაკითხვის დროს ყველას ეღიმება და მათთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, ეშინოდეს ქმრისა. შიში არ გულისხმობს კანკალს და ცახცახს. აქ საუბარია იმაზე, რომ შენი მუეღლე, როგორც უფალი, შენზე უფლობს, როცა გპატრონობს შენ და თავგანწირულია შენთვის, ბუნებრივია, შენც მოკრძალება და მოშიშება უნდა გქონდეს მისი. ეცდები, ნერვები არ მოუშალო, გიყვარდეს, იყო მისი ერთგული. სამსახურიდან დაბრუნებულს ყურადღება მიაქციო, სითბო და ალერსი გამოამჟღავნო მის მიმართ.
– ქორწინებამდე არსებული კავშირების შესახებ რას იტყვით? საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მომავალი მეუღლეები ასე უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთს და გამოჩნდება, რამდენად შეეწყობიან ერთმანეთს.
– როგორც კი ვნება გაივლის და ღრუბელივით გაიფანტება, მერე ყველაფერი რეალურ სახეს იღებს და ეს რეალობა ისაა, რომ ვეღარ იტანენ გოგო და ბიჭი ერთმანეთს. ერთმანეთი არ უყვართ, რადგან ნაჩქარევად, მცირე სიყვარულიდან გამომდინარე მოხდა მათი შეუღლება. ძალიან ბევრი მერეც აღარ იწერს ჯვარს და ისე ტოვებენ ერთმანეთს. ამიტომ კარგად გავიაზროთ, დავიწინდოთ, დავინიშნოთ და შემდგომში, როცა უკვე დავფიქრდებით, გვეცოდინება, რომ შეგვიძლია ვიტვირთოთ ამ ადამიანთან ცხოვრება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჯვრისწერა და უნდა გვახსოვდეს, რომ არც მაშინ იქნება იდეალური ურთიერთობა. მაგრამ მადლით შემოსილები ვიქნებით და გვეცოდინება, ეშმაკის გარკვეულ შემოტევებს თავი როგორ ავარიდოთ.
– სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც რომ იშლება?
– იმიტომ, რომ მათი სიყვარული ხორციელი ვნებაა. ვნება როგორც კი დაკმაყოფილდება, მაშინვე თვალები ეხილებათ და არაფერი რჩებათ. ამ ხორციელ სიყვარულს თუ დროზე არ შევაშველეთ ღმრთაებრივი, სულიერი სიყვარული, ოჯახი მალე დაინგრევა.
– ხშირად ოჯახური საზრუნავი და პრობლემები იწვევს მეუღლეებს შორის სიყვარულის განელებას...
– როცა ოჯახში გრძნობა და სიყვარული ცივდება, ის ოჯახი არ არის ციხე–სიმაგრე, ან თუ არის, სუსტი გალავნითაა შემოზღუდული და როგორც კი პირველი განსაცდელი დაატყდება თავს, მაშინვე ინგრევა. განსაცდელში ძალიან სუსტები არიან მამაკაცები. დღეს მსოფლიო კრიზისია და ოჯახებში ძირითადი პრობლემა უფინანსობაა. მაგრამ სიყვარული იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ფინანსურმა გაჭირვებამ არ გადაძლიოს ეს.
– ოჯახში უთანხმოების გაჩენის შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცნენ მეუღლეები, განქორწინების საფრთხე რომ თავიდან აიცილონ?
– როცა ოჯახში უთანხმოება გაჩნდება, მეუღლეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ მოძღვარს, რათა მან დალოცოს და შეახსენოს ცოლქმრული მოვალეობები. ის პარაკლისს გადაუხდის, დაუჯდომელს წაიკითხავს მათთვის, ლოცვებში მოიხსენიებს. ახლა წყვილები მარტო ჯვრისწერის დროს მიდიან ეკლესიაში. სასურველია, მათ ყოველი კვირა ეკლესიაში გაატარონ, მოძღვრისგან რჩევა–დარიგებები მოისმინონ, აიღონ კურთხევა, როგორი მეუღლეები იყვნენ და ა.შ. თუ არა სულიწმიდის მადლის მიშველება, ყველა ოჯახი დაინგრევა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში, ხელისმომკიდეები არაფერს აკეთებენ. არადა, მათი მოვალეობაც არის იზრუნონ ოჯახის შენარჩუნებაზე. უნდა ვილოცოთ მეუღლისთვის, რომ ღმერთმა დაიცვას ის ცდუნებისა და ღალატისგან. ეს ყველაფერი ჯვრისწერის კვერექსებში იკითხება, რომ მათი საწოლი იყოს უბიწო და შეუგინებელი.
– ზოგჯერ ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებაში მშობლები ერევიან და მათი მიზეზითაც ხდება უთანხმოების წარმოშობა.
– მშობლები ხშირად ერევიან ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებაში, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამის უფლება არავის აქვს.
– რა შემთხვევაში შეიძლება მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ?
– როგორც სახარება გვასწავლის, პირველ რიგში გარდაცვალება აშორებს მეუღლეებს. როცა ერთი მხარე გარდაიცვლება, მეორე ნახევარს შეუძლია მეორედ იქორწინოს და შექმნას ოჯახი. განქორწინება დაშვებულია, როცა არის სიძვა, ანუ როცა ერთ–ერთი მხარე ღალატობს მეუღლეს.
– ჯვრის აყრის დროს რის გათვალისწინება ხდება?
– ეპისკოპოსი მასთან მისულ მეუღლეებს მოუსმენს, მოძღვრის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და წაუკითხავს ლოცვას, რომ კიდევ შექმნან ოჯახი. ჯვრისწერა ერთხელ ხდება და იმის აყრა არ არსებობს. მეორედ ჯვრისწერა გვირგვინების გარეშე სრულდება. ცოდვასა და ვნებაში რომ არ იცხოვროს ადამიანმა, ეკლესია აძლევს კურთხევას, კიდევ ოქორწინოს. ეკლესიის მიერ მესამეჯერ დაქორწინების დაშვებაც არსებობს, რომელსაც წმიდა მამები სიძვაზე ოდნავ უკეთესს უწოდებენ. ამას ქორწინებას ვეღარ ვუწოდებთ, რადგან ქორწინება არის ერთი, მეორედ და მესამედ შეუღლება კი მხოლოდ დაშვებაა.
– უფალმა პირველად შექმნა მამაკაცი, ადამი, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მას საკუთარი ნეკნისგან მისივე მსგავსი არსება, ევა შეუქმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს მეუღლე?
– რატომ ედგმებათ მეუღლეებს გვირგვინები ჯვრისწერის დროს? ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა დედაკაცი და მამაკაცი ერთმანეთს მისცა, რათა ვნებაზე გამარჯვება ყოფილიყო. გვირგვინოსნობა გამარჯვებულობას ნიშნავს, ანუ კაცი კი აღარ იუფლებს საკუთარ თავზე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არამედ დედაკაცი, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთხორც არიან. დედაკაცი და მამაკაცი ცალ–ცალკე არ არიან სრულყოფილნი, რადგან ისინი ერთად არიან უფლის წინაშე და თუ არ იქნებიან ერთად, მაშინ უფალს უნდა დაეწინდონ. ორი გზა არსებობს – ქორწინება და მონაზვნობა. მონაზონი მარტო მცხოვრები პიროვნებაა, რომელიც დაწინდულია უფალზე, ანუ ქორწინებაშია უფალთან. თუ ადამიანი მონაზონი არ არის, მაშინ დაქორწინებული უნდა იყოს. მთავარი ცხონებაა და ვისთან ვცხონდებით, უფალთან თუ ადამიანთან ურთიერთობაში, ეს უკვე ჩვენი გასარკვევია.

– რატომ არის მამაკაცი ქალზე აღმატებული?
– ეკლესია უარყოფს ყოველგვარ ფემინიზმს, რადგან ღმერთმა ადამიანები დედაკაცად და მამაკაცად შექმნა. რადგან დედაკაციდან შემოვიდა ცოდვა, ამიტომაც, იგი ვალდებულია, იერარქიულად ექვემდებარებოდეს მეუღლეს. ამას პავლე მოციქული ხაზგასმით აღნიშნავს. ასევე წერია, რომ ქალი ცხონდება შვილების შობით, თუ იგი იდგება კდემამოსილებაში.
– დაოჯახების გარეშე შვილის გაჩენა როგორ განიხილება? გახშირდა ასეთი შემთხვევები.
– ვინც უფლის საწინააღმდეგოდ შექმნის ოჯახს, ის ვერ იქნება კურთხეული. 10 მცნებაში წერია – არა იმრუშო. კანონიერი ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი უკანონოა. ასე გაჩენილი ბავშვები მოინათლებიან, იქნებიან ეკლესიის წევრები, მაგრამ ეკლესია ცოდვას არ შეიწყნარებს. გასაგებია, რომ ვიღაცამ ვერ შექმნა ოჯახი და უნდა, რომ ჰყავდეს ბავშვი, მაგრამ ამ ბავშვის დაბადებით უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს. ის რომ გაიზრდება, დასვამს კითხვებს და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს უფრო მეტი საფიქრალი ექნება, ვიდრე უშვილოდ რომ დარჩეს. მარტო შვილის გაჩენა არ არის საქმე. მას სჭირდება გვარი, მამა, კურთხევა. ეს არაეკლესიური მდგომარეობაა, ეკლესია არ აკურთხებს, ვინმემ არაკანონიერი ურთიერთობით და ჯვრისწერის გარეშე გააჩინოს შვილი.



                                  ბავშვი და ეკლესია

როგორ უნდა მივიდეს ბავშვი ეკლესიამდე და როგორ უნდა დავაინტერესოთ ქრისტიანული ცხოვრებით? გვესაუბრება მამა დემეტრე ბურდული (წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესია).


- მშობელმა შვილს ძალა არ უნდა დაატანოს, რადგან რამდენჯერმე ნათქვამმა სიტყვებმა – მიდი ეკლესიაში, იცხოვრე ეკლესიურად – შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს არა მარტო ბავშვებში, ზრდასრულ ადამიანებშიც კი. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ბავშვობაში დაძალებით დაყავდათ ეკლესიაში, დღეს კი ისინი ეკლესიის გარეთ არიან. ბავშვი ოჯახის სარკეა და სწორედ მშობელმა უნდა მისცეს მაგალითი, თავად ილოცოს, რომ მასაც გაუჩნდეს ეკლესიაში მოსვლის სურვილი. მშობლები შვილებს უნდა ესაუბრებოდნენ ეკლესიური ცხოვრების შესახებ, მაგრამ სულ ერთსა და იმავე ფაქტზე საუბარი არა მარტო ბავშვისთვის, უფროსი ადამიანისთვისაც ძნელია. ცნობილია, რომ 20 წუთი არის ის პერიოდი, როცა ადამიანი რაღაც ამბავს ინტერესით ისმენს. ბავშვის ფსიქიკაც ისეთია, მას ხან თამაში უნდა, ხან ლექსი უნდა ასწავლო, რადგან არ გადაიღალოს.

- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა აღსარების თქმა და რამდენად აცნობიერებს ის საკუთარ ცოდვებს?

- ბავშვმა აღსარების თქმა, თუ მას სურვილი აქვს, იმ პერიოდიდან უნდა დაიწყოს, როცა მას რაღაც პასუხისმგებლობა გააჩნია, დადის სკოლაში. დაახლოებით 8 წლის ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ, გაიგოს რა არის ცუდი, ნელ-ნელა უნდა მოვამზადოთ, რომ გააცნობიეროს რა არის ცოდვა.

ბავშვის ნაცვლად მშობლის მიერ დაწერილი აღსარება მიუღებელია, პატარა ბავშვების ცოდვა ძალიან მცირედია და აღსარების ჩაბარება კითხვა-პასუხით ხდება. ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ 12 წლამდე ბავშვისთვის დიდმარხვის შენახვა, შეუძლებელია. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მარხვას ძირითადად ოთხშაბათს და პარასკევს ინახავენ, თუ ჯანმრთელობასთან არ აქვთ პრობლემა.

ბავშვს მშობლის მიერ მოძღვარი არ უნდა ჰყავდეს წარმოდგენილი, როგორც პოლიციელი, რომელიც დაიჭერს მას. ეკლესია დამსჯელი ორგანო არ უნდა იყოს. თუ ბავშვმა რაიმე დააშავა, არ უნდა შევაშინოთ, პირიქით, უნდა ავუხსნათ, რომ ეს არასწორი ქმედებაა. აღსარების თქმა ბავშვის სურვილით უნდა მოხდეს და არა მშობლის დაძალებით, რომ აუცილებლად უთხრას მოძღვარს ჩადენილი დანაშაულები.

- როგორია მცრეწლოვნის ზიარების წესი?

- ყველა ქრისტიანი, რომელსაც გააზრებული აქვს წმინდა ზიარება, ეკლესიურად ცხოვრობს, ვალდებულია ყოველ კვირა დღეს ეზიაროს, თუ მოძღვრისგან განკანონებული არ არის. ზიარება, სისხლი და ხორცი უფლისა არის მაცხონებელი და ის ისევე აუცილებელია პატარა ბავშვისთვის, როგორც დიდი ადამიანისთვის. ამიტომ ბავშვის მონათვლის დღიდან მისი ზიარება შესაძლებელია.

არის შემთხვევები როცა წმინდა ზიარების დროს, მშობლები ბავშვებს ქრისტეს სისხლსა და ხორცზე ეუბნებიან რომ კანფეტია. ეს მიუღებელია. შეუძლებელია, მცირეწლოვანმა ბავშვმა გაიგოს მისი არსი, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს კანფეტია. ხშირად ზიარებაზე მოსული ბავშვი ტირის და აგრესიულადაა განწყობილი. ეს ცუდია ბავშვისთვის, რადგან მასში ყალიბდება ზიზღი და ითრგუნება. როცა მშობელი მორწმუნეა, ხშირად დაყავს ბავშვი ეკლესიაში, შეიძლება უარი თქვას ზიარებაზე, ამ შემთხვევაში შეიძლება დაძალებით აზიარო. მაგრამ როცა მშობლები არ არიან ეკლესიურები და ბავშვიც უარს ამბობს ზიარებაზე, მაშინ მას დრო დასჭირდება რომ მიეჩვიოს, დაინახოს როგორ ეზიარებიან სხვა ბავშვები და მშობლის მაგალითიც დაინახოს.

- რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს ლოცვა?

- ლოცვა საუბარია თავად ღმერთთან და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის სასწავლო პროგრამა, რომ ლექსივით დაიზეპირო. ლოცვა ბავშვისთვის სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ის ამ დროს ღმერთს ესაუბრება. მაგრამ თუ უარს ამბობს ლოცვაზე, დაძალება არ შეიძლება, ესეც ნებაყოფლობითია.


           ბერი გაბრიელი (ურგებაძე) განსაცდელზე







ოქრომჭედელი ქურაში ადნობს და დიდი ტემპერატურით ამუშავებს ოქროს. სანამ არ გაათავისუფლებს ზედმეტი მინარევებისაგან და არ მიიღებს ბაჯაღლოს, ანუ სუფთა ოქროს.

გამოცდილი ექიმი, მიუხედავად ავადმყოფის ტკივილისა და ყვირილისა, კურნავს მას სხვადასხვა მწარე წამლის მეშვეობით. საჭიროების დროს სპირტითა და ამოშანთვით.

ხშირად ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე, ჩვენივე კურნების მიზნით, უფალი ასევე მოგვივლენს სხვადასხვა განსაცდელებს. მაგალითად: მოულოდნელ ავადმყოფობას, ტკივილებს, მწუხარებას, პატიმრობას, დამდაბლებას, სირცხვილის შიშს, ცილისწამების სიმძიმეს, საზოგადო კრიტიკას და სხვა ტანჯვა-წამებას.

განსაცდელებით უფალს სურს: 1. ადამიანს შესძინოს გამოცდილება. 2. გამოსწორდეს ე.ი. იფიქროს რა მიზეზით მოევლინა ეს განსაცდელი. 3. განიწმინდოს ე.ი. აღიაროს და ეცადოს, აღარ გაიმეოროს მსგავსი ცოდვები.

ამდენად გასაგებია, რომ ყოველი განსაცდელი ჩვენივე სულის ცხონებისთვისაა მოვლენილი. ამიტომ ყოველ განსაცდელში უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს.

ავადმყოფი რომელიც ექიმს არ ანებებს მკურნალობას, განწირულია დასაღუპად. ასევე განწირულია ის ადამიანი, რომელიც უფალს არ ანებებს მის განკურნებას, ანუ მადლიერებით და ბოლომდე დათმენით არ ღებულობს ყოველ განსაცდელს.

ხშირად განსაცდელის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიზეზით ადამიანი მადლიერების ნაცვლად ვარდება უმადურობაში, კარგავს იმედს, ავიწყდება, რომ უფალი ყოველ განსაცდელში დაჰყურებს და არ არის მიტოვებული. ნაცვლად ბოლომდე დათმენისა კარგავს ღვთის შემწეობის სასოებას, რის გამოც განსაცდელი გაცილებით მძიმე ხდება.

ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ადამიანს მისი ამტანობის მიხედვით მოევლინება განსაცდელის სიმძიმე. უფალი არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის ატანაც ადამიანს არ შეეძლოს. მთავარია ჩვენ მოვითმინოთ და ყოველივეში ღვთის განგება დავინახოთ.

„ბერი გაბრიელის ნაუბარი“





მამა პაისი მთაწმინდელი      (სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ)
 
        - წმიდაო მმამო, როგორ განიწმინდება სული?

- თუკი ადამიანი იღწვის, რომ დაიცვას ღვთის მცნებები და სათნოებები გამოიმუშაოს, თუკი ის თავის თავზე მუშაობს, იგი ვნებათაგან განიწმინდება და მისი გონება ნათლდება. ის ჭვრეტის სიმაღლეზე ადის და მისი სული ისეთივე ხდება, როგორიც იყო ზოგადად პირველქმნილი ადამიანის სული – ცოდვით დაცემამდე. ამ მდგომარეობაში ადამიანი მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის შემდეგ იქნება. თუცა იგი, ვინც ვნებათაგან სრულად განიწმინდება, საკუთარი სულის აღდგომის ხილვას საყოველთაო აღდგომამდე შეძლებს. თუკი ეს მოხდება. მისი სხეული გახდება ანგელოზური, უხორცო და მისთვის მატერიალური საკვები დიდი საზრუნავი აღარ იქნება.

- წმიდაო მამაო, როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო?

- საშინელ სამსჯავროზე წამიერად აეხდება ფარდა, თუ რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება თითოეული ადამიანი. თითოეული თავად მივა იმ ადგილას, რომელსაც იმსახურებს. თითოეული, როგორც ტელევიზორში, ისე დაინახავს საკუთარ უვარგისობას და სხვის სულიერ მდგომარეობას. ადამიანი, როგორც სარკეში, ისე შეხედავს მოყვასს და თავმოდრეკილი მიაშურებს თავის ადგილს. მაგალითად, რძალი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა დედამთილის წინაშე, ფეხმოტეხილი დედმათილი კი რძლის საქმესაც აკეთებდა და რძლისა და ვაჟის შვილებზე – საკუთარ შვილიშვილებზეც ზრუნავდა. თუკი ეს რძალი ნახავს, რომ ქრისტე მის დედმთილს სამოთხეში ამკვიდრებს, თვით იგი კი იქ არ მიჰყავს, უკმაყოფილების გამოხატვას ვერ შეძლებს და ვერც ჰკითხავს ქრისტეს, ასე რად იქცევიო. მას ხომ თვალწინ ექნება ის ამქვეყნიური სცენები, რომელიც მათი ცხოვრებისათვის იყო დამახასიათებელი. მას კარგად ემახსოვრება, როგორ უვლიდა შვილიშვილებს კოჭლი დედაბერი და სამოთხისაკენ წასვლას ვერ გაბედავს. ის თვითონვე ვერ იპოვის საკუთარ ადგილს სამოთხეში.

მაგალითად, ბერები დაინახავენ იმ სირთულეებს, რომელიც ერისკაცთა წინაშე იდგა და ნახავენ, როგორ იტანდნენ ისინი ყოველგვარ პრობლემას. თუკი ეს ბერები არასწორად ცხოვრობდნენ, თვითონვე დახრიან თავებს და იმ ადგილისაკენ წავლენ. რომელსაც იმსახურებენ.

ის მონაზვნებიც, რომელთაც ღმერთს ვერ აამეს, საშინელ სამსჯავროზე ნახავენ იმ გმირული სულის მქონე დედებს, რომელთაც მართალია, აღთქმა არ დაუდიათ, მართალია ის კურთხევა და კეთილსასურველი შესაძლებლობები არ ჰქონიათ, რომელსაც ასე უხვად ფლობდნენ მონაზვნები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ღვაწლი იტვირთეს და მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწიეს. ყოველივე ამის შემხედვარე მონაზვნებს როგორ შერცხვებათ იმ მეწვრილმანეობისა და სიმდბლისა, რომელთა გამოც ამ ქვეყნად თავადვე იტანჯებოდნენ! ზრახვა მეუბნება: „აი, სწორედ ასეთი იქნება საშინელი სამსჯავრო!“ ანუ საშინელ სამსჯავროზე ქრისტე კი არ იტყვის: „აბა ერთი, აქ მოდი, თქვი, რა ჩაიდინე?“ არც ადგილებს გაუნაწილებს ვინმეს: „შენ ჯოჯოხეთში წახვალ, შენ კი – სამოთხეში!“ არა: თითოეული ადამიანი საკუთარ თავს სხვებს შეადარებს და თვითონვე მონახავს იმ ადგილს, რომელიც დაიმსახურა.




                                             მამა პაისი მთაწმინდელი



      ცოდვის ქმნით ეშმაკს ჩვენზე უფლებას ვანიჭებთ

დღეს მრავალი ეშმაკეული საქმე არსებობს. ეშმაკი არც თუ სახუმაროდ გათამამდა, რადგან თანამედროვე ადამიანებმა მას დიდი უფლებები მიანიჭეს. ადამიანები საშინელ ეშმაკეულ ქმედებებში არიან დანთქმულნი. ერთმა კაცმა მეტად სწორად ახსნა ეს: „ადრე ეშმაკი ადამიანების ცდუნებით იყო დაკავებული, ეხლა კი ასე აღარ არის. მას ხალხი თავის გზაზე გადაჰყავს და გზას ულოცავს: - აბა, წარმატებას გისურვებ. ადამიანები კი ამ გზაზე თავისით მიეხეტებიან. - ეს საშინელებაა. აბა, შეხედეთ: ღადარინელთა ქვეყანაში ეშმაკებმა ქრისტეს ჰკითხეს, აძლევდა თუ არა ნებას, რომ ღორებში შესულიყვნენ. ქრისტემ მისცა მათ ამის ნება, რათა ებრაელები დაესაჯა, მათ ხომ სჯული ღორის ხორცის ჭამას უკრძალავთ [1].

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი იმასაც ამბობს, ეშმაკი არ არსებობსო.

- დიახ, ერთმა მირჩია, რომ „ღირსი არსენი კაბადოკიელის" ცხოვრების ფრანგული თარგმანიდან ამომეღო ის ეპიზოდი, სადაც ეშმაკეულებზეა [2], ლაპარაკი. „ევროპელები ამას ვერ გაიგებენ, მათ არ სწამთ, რომ ეშმაკი არსებობს" - მითხრა მან. ხედავთ, ისინი ყველაფერს ფსიქოლოგიურად ხსნიან.

სახარების ეშმაკეულები რომ ფსიქიატრების ხელში მოხვედრილიყვნენ, მათ მკურნალოპას ისინი ელექტროშოკით დაიწყებდნენ! ქრისტემ ეშმაკს ბოროტების აღსრულება აუკრძალა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ბოროტების ჩადენას, თუ ადამიანი მისცემს მას ამის ნებას. როცა კაცი ეკლესიის საიდუმლოებებში არ მონაწილეობს, ბოროტს აძლევს ამ უფლებებს და ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ ექცევა.

- წმიდაო მამაო, და კიდევ რა სახით შეიძლება ამგვარი უფლება მისცეს ადამიანმა ეშმაკს.

- ლოგიკა [3] ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა. ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მხრივ, როცა კაცის სული განიწმინდება, მასში სულიწმიდა იმკვიდრებს და ადამიანი მადლით აღმოივსება. თუკი პიროვნება საკუთარ თავს მომაკვდინებელი ცოდვებით შებღალავს, მასში არაწმიდა სული ჩასახლდება, ხოლო თუ ის ცოდვები, რომლითაც იგი საკუთარ სულს აბინძურებს, მომაკვდინებელი არ არის, მაშინ იგი ბოროტი სულის ზემოქმედებას გარედან განიცდის.

საუბედურიად, ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ, მოიკვეთონ ვნებები, საკუთარი თვითნებობა. ისინი სხვების რჩევებს არ იღებენ. ამის შემდეგ ისინი უსირცხვილო ლაპარაკს იწყებენ და ღვთის მადლს განიშორებენ. ბოლოს - ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს იგი, ვეღარაფერში წარმატებას ვერ აღწევს, რადგან იგი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, რადგან გარედან მას ეშმაკი მართავს. ეშმაკი მასში კი არ არის!.. - ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მას გარედანაც შეუძლია მართოს იგი.

ღვთის მადლს განშორებული ადამიანი ეშმაკზე უარესია. რადგან ეშმაკი ყველაფერს თვითონ კი არ აკეთებს, არამედ ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგალითად, ის თვითონ არ აღასრულებს ბოროტმოქმედებას, მაგრამ ადამიანებს კი აქეზებს ამისკენ. და ამის გამო ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან.

29 авг. 2011 г.

ათცამეტსირიელ მამათაგანი

წმიდა მამა ისე წილკნელი
VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა. წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად. ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას. ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა. წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა. წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა. ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით. ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა. წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა. წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“. შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშალა. ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე. სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, - ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.







                          ღირსიმამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი

 
                                      

          როდესაცწმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

შემდეგწმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.

მაგრამაქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.

ერთხელამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლას სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდრეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.

მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.

წმიდაანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აეშენებინა. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა სარადიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.

ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.

გარდაცვალებისშემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.