18 нояб. 2011 г.

დღესასწაული

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა: „ „მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განაგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“.“ გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ ი
მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 27 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.
ილარიონ ქართველი დაიბადა კახეთში, კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი. ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი — ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.

წმინდა იოანე, სტეფანე და ესაია


წმინდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა.წმინდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.


საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმინდანთა შორის სულ ოთხი წმინდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის - ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმინდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამდენიმე საუკუნეა აღასრულებს.

როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმინდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.




100 000 მოწამე

100 000 მოწამე - წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი.
საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი - „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე - ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.

„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ - ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.

ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, - „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.



წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი
ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.




სულთმოფენობა



ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებულ ნუგეშისმცემელის - სულიწმინდას მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებმაც აქამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე ათორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება, წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ; ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმინდის მოწვევის ლოცვას; „ მეუფეო ზეცათაო“....

სულთმოფენობის დღესასწაულზე მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით, შუაში დამაგრებული ანთებული სანთლებით, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის, ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმინდის მადლი ამ სიმწვენეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვენესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.





ვლაქერნაში დავანების დღესასწაული

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დავანების დღესასწაულს. ეს არის დღესასწაული ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისა, რადგანაც, ღვთის განგებით, ზუგდიდში ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი - მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე. ყველა მსურველს ამ დღეს უფლება ეძლევა ემთხვიოს ღვთისმშობლის კვართს.
ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. ვლაქერნა ეწოდებოდა ძველად სტამბოლის კუთხეს, სადაც აშენებული იყო ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლისა, რომელშიც ესვენა შესანიშნავი ხატი ღვთისმშობლისა "რომელმანაც დაიცვა და დაიფარა კონსტანტინეპოლი განადგურებისაგან 626 წელს". პლატონ იოსელიანის განმარტებით საქართველოს ერს საბერძნეთის კეისარმა ჰერაკლემ მე-7 საუკუნეში მისცა ეს ხატი. "ქართლის ცხოვრებიდან" კი ცნობილია, რომ ეს ხატი X||| საუკუნეში გიორგი გურიელმა იმერეთის მეფე ალექსანდრე მეოთხესთან საბრძოლველად წამოსულმა "განძარცვა და ჰყო სამკაულად თვისად", მე-19 საუკუნის დამდეგს, ეს ხატი წაასვენეს პეტერბურგს და სამეგრელოს ხალხის სახელით მიართვეს იმპერატორ ალექსანდრე პირველს, რომელმაც ეს ხატი ძვირფასად შეამკო და ისევ სამეგრელოს დაუბრუნა. უფრო გვიან დედოფალმა ეკატერინემ კიდევ უფრო შეამკო ხატი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ღვთისმგმობელ მთავრობის ბრძანებით, დადიანების კარის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აიკრძალა და ძვირფასი ხატი თბილისში, ხელოვნების მუზეუმში წააბრძანეს.
საზოგადოება "ზუგდიდელის" (თავმჯდომარე ოთარ ფაცაცია) სურვილი და მოთხოვნაა, რომ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი თბილისიდან ისევ ზუგდიდში იქნეს დაბრძანებული. თუმცაღა, ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.
სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ მამა ილია ნასიძის დიდი მონდომებით, დამზადდა ახალი - ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელმაც მოილოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები და 15 ივლისს სამუდამოდ ჩამობრძანდა ზუგდიდში.












ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული გერგეთობა

წმინდა გიორგი ღმერთშემოსილი, გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი, განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით, საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო, მაგრამ წმინდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში იპოვა თავშესაფარი. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შეყენებულს. დღეს ჩვენ ცოტა რამ ვიცით მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს, რომ იგი, ერთდროულად, უდიდესი ასკეტიც იყო და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება - ღმერთშემოსილი.



მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგი შეყენებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა თავისი სულიერი შვილი, გიორგი მთაწმინდელი. მისი თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმინდა გიორგი შეყენებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.



წმინდა გიორგი შეყენებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის, წმინდა გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდეგ.




წმინდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.

ერთხელ იაკინთე, ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.

წმინდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მტკიცედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით, აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს.

მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმინდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმინდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს.



იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა




ის უფლის წინამორბედი გახლდათ, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, და უდიდესი წინასწარმეტყველი დედამიწაზე შობილთა შორის. ამას თვით იესო ქრისტეს სიტყვები მოწმობს. უფლის ხორციელი ნათესავის მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო. იგი იდგა ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზე. მან დაიწყო, მაგრამ როცა მოვიდა ნათელი სოფლისა, იოანე მზად იყო ამა სოფლიდან განსასვლელად.

სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, თუმცა ეს ერთი ფრაზაც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: „მივედით და არქუთ მელასა მას“ (ლუკა 13:32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათა ღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელთა მცირერიცხოვან შთამომავლთაგან – შვილიშვილი ჰეროდე დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.

ჰეროდეადა გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა (არადა, იქამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა (და ეს არც იყო გასაკვირი – მის ძარღვებში ხომ ლეგენდარული მაკაბელების სისხლი ჩქეფდა). ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო.

ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და „უწმინდურად“ მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არავის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევლად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.

ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი „რბილ სამოსელში“ გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (ასეთ ინფორმაციას გვაწვდის იოსებ ფლავიუსი „იუდაურ სიძველეებში“, თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ასე იყო თუ ისე, ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, „ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა“ (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხელდა და არ უთხრა: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“ (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართლი და წმიდა კაცი იყო. ესეც არ იყოს, ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: „არამედ ეშინოდე ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი“ (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა – არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული – იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა მას, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიაჩნდა.

მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული. თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეების გვარი.

ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის – ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.

ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; „იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ (მათე 14:2).

ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა – მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია – საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალილეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო, შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.

ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. 37 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ტიბერიუსი. მის მემკვიდრეს, გაიუს კალიგულას, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აგრიპასთან, ჰეროდეადას ძმასთან. მან იგი დიადემით – მეფური რეგალიით – დააჯილდოვა და აქცია არა უბრალო მეოთხედმთავრად, როგორიც ანტიპა იყო, არამედ ნამდვილ მეფედ ფილიპე მეოთხედმთავრის ტერიტორიაზე (ფილიპე სწორედ იმ დროს გარდაიცვალა). 40 წელს აგრიპა მეფური რეგალიებით პალესტინაში ჩადიოდა. ჰეროდე ანტიპამ და მისმა მეუღლემ თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ სალომეა მოხუცებულ ფილიპეს იმ იმედით მიათხოვეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტეტრარქია მათ დარჩებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. აგრიპას მოულოდნელმა წარმატებამ, რომელიც მისი ქმრის დიდებას ჩრდილავდა, ჰეროდეადა შურით აავსო.

გამწარებული ცოლ-ქმარი „სამართლიანობის აღსადგენად“ რომში გაემგზავრა, მაგრამ არც აგრიპა დაიბნა, იმპერატორთან კაცი გაგზავნა და ანტიპას რომის ღალატი დასწამა. კეისარმა ჰეროდეს ყველა მამული და ტეტრარქია ჩამოართვა და გალიაში, ლიონში გადაასახლა.

ჰეროდეადას, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, ქმარი არც ძნელბედობის ჟამს მიუტოვებია. როცა კალიგულამ შეიტყო, რომ ანტიპას თანამეცხედრე აგრიპას ღვიძლი და იყო, მაშინვე დაუბრუნა ქონება და პატივიც აღუდგინა, მაგრამ ჰეროდეადამ ფუფუნებაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა გალიაში.

დიონ კასიუსის ცნობით, კალიგულამ ანტიპა სიკვდილით დასაჯა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ექსორიაქმნილებს (სამეფოდან გაძევებულებს) იმპერატორი სწორედ ასე უსწორდებოდა, მაგრამ ანტიპას სიკვდილი ბურუსითაა მოცული. იოსებ ფლავიუსი ერთგან ამბობს, რომ ჰეროდე ესპანეთში აღესრულა, მეორეგან კი მისი გარდაცვალების ადგილად ლუგდუნუმეს – გალიაში, ესპანეთის საზღვართან მდებარე პროვინციას (დღევანდელ სენ ბერტრან დე კომინჟს) ასახელებს. ეს ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იდგეს – საეკლესიო გარდამოცემის თანახმადაც, ცოლ-ქმარს სწორედ იქ მიეზღო სამართლიანი საზღაური: ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა… გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ.






ჯვართამაღლება

ქრისტეს ჯვარი - რომაელთა მიერ მოგონილი, ყველაზე სასტიკი და დამამცირებელი სასჯელის იარაღი - ჩვენი უმთავრესი და უდიდესი სიწმიდეა, რადგან ღმერთის ძალით ის იქცა თავმდაბლობის, თავგანწირვისა და სიყვარულის, უკვდავების იარაღად.

მაგრამ მაცხოვრის ჯვარი სამი საუკუნე დაფარული იყო კაცთათვის, მისი თაყვანისცემა, მისგან მაცოცხლებელი ძალის მიღება არავის შეეძლო. ის მიწით იყო დაფარული, აღარავის ახსოვდა მისი ადგილსამყოფელი, რადგან იერუსალიმი დაინგრა, დამარხული ჯვრის თავზე კი წარმართული ტაძარი აშენდა.

IV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილებს წარმართი თანამმართველი იმპერატორები განაგებდნენ, მათ შორის იყო კონსტანტინე, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა ქრისტიანთა დევნაში. დიოკლეტიანე იმპერატორის კარზე კონსტანტინეს ხშირად უნახავს ქრისტიანთა წამება, იგი დარწმუნდა მათ სიმართლეში, კეთილშობილებასა და უშიშრობაში.

312 წელს კონსტანტინეს წინააღმდეგ გალაშქრება მოინდობა მაქსენციუსმა, რომელიც სიხარბის, უზნეობისა და ავხორცობის გამო, ხალხს სძულდა. მაქსენციუსის ლაშქარი ბევრად აღემატებოდა კონსტანტინესას. კონსტანტინე საგონებელში იყო ჩავარდნილი. ბრძოლის წინ მან და მისმა ჯარმა საოცარი ჩვენება იხილეს: ზეცაზე გამოისახა ნათლის ჯვარი წარწერით - „ამით სძლიე“. ყველა შეშინდა, რადგან რომაელებისათვის ჯვარი სასიკვდილო ნიშანი იყო. ღამით იმპერატორს სიზმარში იესო ქრისტე ეჩვენა ჯვრით ხელში. მან კონსტანტინეს უთხრა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად მებრძოლებისათვის წინ ჯვარი უნდა წარემძღვარებინა.

კონსტანტინემ ქრისტიანი ეპისკოპოსები იხმო და დაწვრილებით შეიტყო ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. შემდეგ ბრძანა დაემზადებინათ ოქროს ჯვარი და ძვირფასი ქვებით შეემკოთ. ამასთან, ყველა მეომრის შუბსა და მუზარადზე ჯვარი გამოასახვინა. მოხდა სასწაული: უთანასწორო ბრძოლაში კონსტანტინემ გაიმარჯვა.

იმპერატორმა გადაწყვიტა, თავისი მეფობა და ძალაუფლება ქრისტეს განსადიდებლად გამოეყენებინა. 313 წელს ქალაქ მედიოლანში (დღევანდელი მილანი, იტალია) მან გამოსცა ედიქტი (ბრძანება), რომლის მიხედვითაც ყველა რელიგიის მიმდევარს, მათ შორის ქრისტინებს, უფლება ჰქონდა თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი ღვთისმსახურება. ქრისტიანებისათვის უნდა დაებრუნებინათ წართმეული ქონება და გაეთავისუფლებინათ ისინი ყოველგვარი გადასახადისაგან.

კონსტანტინემ განიზრახა, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილზე, გოლგოთის მთაზე ტაძარი აეგო და მოეძებნა მაცხოვრის ჯვარი. ამ მიზნით მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, დედოფალი ელენე. იერუსალიმში დარჩენილ 3000 ებრაელში დედოფალმა სჯულის მცოდნენი გამოარჩია და ჯვრის ადგილი გამოჰკითხა. მათ შორის აღმოჩნდა კაცი, სახელად იუდა, რომელიც თავიდან დიდ უარზე იდგა, მაგრამ ბოლოს გამოტყდა, რომ იცოდა, სად იყო დაფლული ქრისტეს ჯვარი.

გათხარეს ეს ადგილი, მაგრამ იქ სამი ჯვარი ნახეს. იერუსალიმის პატრიარქსა და დედოფალს სწამდათ, რომ მაცხოვრის ჯვარი სასწაულებრივ ძალას გამოაჩენდა. ამიტომ სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესამე ჯვრის შეხებით გარდაცვლილი აღდგა მკვდრეთით და უფლის დიდება იწყო, ამავე ჯვრით განიკურნა ავადმყოფი ქალი. ასე იპოვეს მაცხოვრის ჯვარი. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო, იმ ადგილას უამრავმა ქრისტიანმა მოიყარა თავი. ყველას სურდა მაცხოვრის ჯვრის თაყვანისცემა, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო, ეს შეუძლებელი გახდა. ამიტომ პატრიარქმა აღამაღლა ჯვარი, რომ ყველა მორწმუნეს შესძლებოდა მისი დანახვა. მომხდარმა ძალიან იმოქმედა იუდაზე, რომელიც თავიდან მტრულად იყო განწყობილი ქრისტიანობისადმი, იგი მოინათლა და შემდგომში ეპისკოპოსიც კი გახდა.

გოლგოთასთან ახლოს მდებარეობს აკლდამა, სადაც მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა. ამ ადგილას კონსტანტინეს ბრძანებით აიგო ტაძარი, რომლის კურთხევის მეორე დღეს, 326 წლის 14(27) სექტემბერს ჯვართამაღლების, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული დაწესდა. მას შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ჯვართამაღლების სახელზე ტაძრებიცაა აშენებული.





სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული



სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული, ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართება დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდოდის საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიან სუფრას და იმართება პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.





დიმიტრის შაბათი


წლის 8 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულს რუსეთის მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის კულიკოვოს ველზე გაიმართა ბრძოლა, რუსებისა და ოქროს ურდოს ჯარებს შორის. რუსების ჯარს მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი წინამძღვრობდა. ბრძოლა რუსების სახელოვანი გამარჯვებით დამთავრდა, რის გამოც მთავარ დიმიტრის დონელი უწოდა ხალხმა. გამარჯვებულმა მთავარმა გადაწყვიტა პატივით მოეხსენიებინა ის მეომრები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ხსენების დღე მისთვის სათაყვანებელ და ზეციური მფარველის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს (26 ოქტომბერი/ახ.სტ. 8 ნოემბერი) დაუკავშირა. კულიკოვოს ველზე დაღუპულ მეომართა ხსენების დღედ დაწესდა წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების უახლოესი წინა შაბათი. პირველი პანაშვიდი გადაიხადა ღირსმა სერგი რადონეჟელმა.

მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ქართულმა ეკლესიამ დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა, დიმიტრის შაბათი ჩვენშიც აღინიშნებოდა. მეოცე საუკუნეში აღდგა ავტოკეფალია, მაგრამ საეკლესიო კალენდრებში კვლავაც ვხდებით ამ დღის აღვნიშვნას. იტყვის მავანი: რა არის ცუდი მიცვალებულთა ხსენებაში? ცუდი რა უნდა იყოს, ჩვენ ხომ ყოველი წირვისას ისედაც ვიხსენებთ მიცვალებულებს! მაგრამ, ადამიანი გონიერი არსებაა და მის ქმედებებს უნდა ქონდეს გონივრული, გააზრებული მოტივაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მიდგომები არაფრით განსხვავდება უსულო რიტუალიზმისაგან. ეს უკანასკნელი კი ადამიანის სულს არა ქრისტესთვის, არამედ ცრურწმენისთვის უფრო ამზადებს, რისი საშიშროება ყოველთვის არის (1ტიმ. 4,7).

მიცვალებულთა ხსენების განსაკუთრებულ დღეებს ყოველთვის აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. ვთქვათ, მოვიხსენიებთ მიცვალებულებს დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, რადგან ტიპიკონის თანახმად დიდი მარხვის დღეებში, გარდა ამ შაბათებისა არ არის მიღებული პანაშვიდების გადახდა და წესის აგება და, რა დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები, აღინიშნება ყოველთვის შაბათს. დღეს, როცა საეკლესიო პრაქტიკაში დავიწყებულია ეს მოთხოვნა, მიცვალებულთა ხსნების აღნიშნულ დღებს დაკარგული აქვთ თავდაპირველი მნიშვნელობა, თუმცა ასეთად, ანუ მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეებად აღნიშვნა არ არის უსწორო. მოვიხსენიებთ მიცვალებულებს სულთმოფენობის წინა შაბათს და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენგან მიცვალებულნი დააწესოს მოზეიმე ეკლესიაში, რადგან სულთმოფენობა ახალი აღთქმის ეკლესიის შექმნის დღეა. მარგამ რა მოტივაცია გვაქვს ქართველებს დიმიტრის შაბათის აღსანიშნავად? ნებისმიერ სამრევლოს ხომ ისედაც შეუძლია მოილაპარაკოს წინამძღვართან და ნებისმიერ შაბათს ან სხვა დღეს, გარდა კვირისა და დიდი დღესასწაულისა, ილოცოს და უსისხლო მსხვერპლი შეწიროს მიცვალებულთა მოსახსენებლად. იქნებ გვეფიქრა იმაზეც, რომ მამულისა და რწმენისათვის თავდადებულ ქართველ მხედართა სულის სახსენებელი დღე დაგვეწესებინა?!




დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა



იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში.

463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების ლაშქარი. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი კორსუნში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალნათელღებულ მოციქულთასწორ მთავარ ვლადიმირს უბოძეს. როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა ხატი მათ გადასცა საჩუქრად. 1571 წელს ივანე მრისხანემ დაარბია ქალაქი და სიწმიდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. ნაპოლეონის თავდასხმის შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უკვალოდ გაქრა. სანაცვლოდ მიძინების ტაძარში მისი ზუსტი ასლი იქნა დასვენებული.

კონტაქტი

ვებ- გვერდი: http://saeklesio.blogspot.com/

რელიგიური ინტერნეტ-ჟურნალი

გვერდის ადმინისტრატორი: ნინო გვაზავა

ტელეფონი: 597 700 354

ელ-ფოსტა: saeklesio.kalendari@mail.ru