21 июн. 2011 г.

მართლმადიდებლური ტაძრები


ბეთანიის მონასტერი
მონასტრის მთავარი ტაძარი



ბეთანიის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით. იგი დაარსებულია ქართლის ერისთავების ორბელიანების მიერ, როგორც საგვარეულო საძვალე. მონასტრის მთავარი კარიბჭე მთავარი ტაძარი მონასტრისა, აგებულია ღმრთისმშობლის შობის პატივად, VII საუკუნეში. თავდაპირველად ტაძარი ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნებოდა, ხოლო XII საუკუნეში - თამარ მეფის მეფობის დროს - დაემატა გუმბათი. სავარაუდოა, რომ მოხატულობაც თამარის თანადროული უნდა იყოს. იმავე დროს ტაძრის დასავლეთით, მიშენებული იქნა სტოა, რომელიც XX საუკუნეში იკურთხა, როგორც ტაძარი, თამარ მეფის სახელზე.
1119 წელს, აშენდა ბაზილიკური ტიპის ტაძარი, წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივად. ამ მომცრო ტაძარს დასავლეთის გარე ფასადზე ამშვენებს ასომთავრულით შესრულიბული, ქვაში ამოკვეთილი წარწერა: "ქრისტე ღმერთო დიდებულო თანაზიარებული რომელი ჯვარი უპატიოსნეს მყო რ-თისა (- ქარაგმაა ბ.ბ.) პატრონმან ეჯიბი მამალაისძე. მოვუდრიკენ თავი უზეშთაეს *** (*** ნიშნავს არ იკითხება ბ.ბ.) მოვიღე თანასაფასი წინაშე თქუენსა [თარიღი]". ამ წარწერით ირკვევა, რომ ეს მომცრო ბაზილიკა აშენებულა ეჯიბი მამალაისძის მიერ, ვინაიდან ქვა, რომელშიც ამოკვეთილია წარწერა, ბაზილიკის თანადროულია და არ არის შემდგომ ჩამატებული.
XIX საუკუნეში მონასტერი რესტავრირებული იქნა მღვდელმონაზონ სპირიდონის (კეთილაძე) მიერ. 1922 წელს მღვდელმონაზონმა სპირიდონმა წინამძღვრობა მღვდელმონაზონ ილია ფანცულაიას გადააბარა. 1924 წელს კომუნისტურმა მთავრობამ, როგორც სხვა ბევრი მართლმადიდებელი ღმრთისმსახური, ციხეში დახვრიტა მღვდელმონაზონი სპირიდონი.
მღვდელმონაზონ სპირიდონის შემდეგ, მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა, მღვდელმონაზონმა ილიამ (ფანცულაია). 1924 წელს, მღვდელმონაზონმა ილიამ წინამძღვრობა გადააბარა, მღვდელმონაზონ იოანეს (მაისურაძე), თვითონ კი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში გადავიდა. იგი გახლდათ სულიერი მოძღვარი თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა. მას შემდეგ, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დატოვა საქართველო, ილია
გიორგი-იოანე აღმსარებელი
და იოანე აღმსარებელი


ფანცულაიას ეძებდნენ, რის გამოც იგი იძულებული იყო დამალულიყო. მოგვიანებით (30-იან წლებში), მღვდელმონაზონი ილია, დააპატიმრეს და დახვრიტეს კომუნისტებმა.
გიორგი-იოანე აღმსარებელი
და იოანე აღმსარებელი

მონასტრის წყარო

ბოლშევიკური მთავრობის დროს, როცა საქართველოში არცერთი მონასტერი არ მოქმედებდა, ბეთანიის მონასტერი შეინარჩუნა ორმა არქიმანდრიტმა - არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) და არქიმანდრიტმა გიორგიმ (მხეიძე) (შემდგომში სქიარქიმანდრიტი იოანე). ისინი დასაფლავებული არიან მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით.
საქართველოს ეკლესის წმინდა სინოდმა, 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის კრებაზე, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე), ათეისტურ პერიოდში, საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის, წმინდანთა დასში შერაცხა, როგორც: იოანე აღმსარებელი და გიორგი-იოანე აღმსარებელი. წმ. იოანე აღმსარებლის და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებლის ხსენების დღედ დაწესდა 8 სექტემბერი (ახ. სტილით 21 სექტემბერი).
როდესაც სქიარქიმანდრიტმა იოანემ (მხეძე), მიაბარა სული უფალს, მონასტრის ძმობა დაიფანტა და მონასტერი მიტოვებული იქნა, ვიდრე არქიმანდრიტმა იოანემ (შეყლაშვილი) 1978 წელს არ განაახლა მასში ბერმონაზვნური ცხოვრება. თავდაპირველად მამა იოანეს (შეყლაშვილი) მარტოს უწევდა მონასტრის სიმძიმის ზიდვა, შემდგომში კი, მის გარშემო ნელ-ნელა შემოიკრიბა ძმობა და ბეთანიამ კვლავ მონასტრული იერსახე მიიღო და აღზარდა არა ერთი მოძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), არქიმანდრიტი გიორგი (ბარიშვილი) და სხვა.
1990 წელს მოიხატა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) მიერ. ხოლო 1992 წელს სამონასტრო კომპლექსს დაემატა საცხოვრებელი კორპუსი და სატრაპეზო. სატრაპეზო მოიხატა იმავე წელს, შოთა ცხვიტავას მიერ.
მთავარი ტაძარი. ჩრდილოეთის კედელი.
მარცხნიდან: ლაშა გიორგი IV, წმ. თამარი, გიორგი III

დღეს-დღეობით ბეთანიის მონასტერი ცხოვრობს ჩვეულებრივი ზოგადსაცხოვრებელი რითმით. მასში კვლავ აღევლინება წირვა ლოცვა







 ანჩისხატის ტაძარი       




ისტორია: XX საუკუნის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძარში აღმოაჩინეს ქვის ორი ფილა (ამჟამად ისინი ტაძრის დასავლეთ ფასადშია ჩასმული), რომლებზეც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“. ეს წარწერა ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომლის შესახებაც XI საუკუნის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში ნათქვამია: „თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს“. ეს ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანისთანავეა აგებული, როცა ქართლში ვახტანგ გორგასლის შვილი, დაჩი უჯარმელი მეფობდა.

ანჩისხატის ეკლესია იმ ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობა გახლავთ. ტაძარი ტუფის თლილი ქვებით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ადრეული საუკუნეების არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს და მხატვრული გადაწყვეტით ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლს - ბოლნისის სიონს - უახლოვდება. ტაძარმა თხუთმეტსაუკუნოვან ქარტეხილს გაუძლო და ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილმა და გადაკეთებულმა მოაღწია.

აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ხანგრძლივი ომის შედეგად თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო. ამ დროს ტაძარი ისე დაზიანებულა, რომ 634 წელს ქართლის კათოლიკოს ბაბილას ლამის თავიდან აუგია. ამავე დროს აუშენებიათ მის მახლობლად სასახლეც, რომელშიც „მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათვის“ რეზიდენცია გადაუტანიათ. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი, ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ. საისტორიო წყაროებში „მარიამწმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად, მოიხსენიება.

1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (1555 წელს კლარჯეთი ოსმალთა ხელში გადავიდა და VI საუკუნეში დაარსებული ანჩის საეპისკოპოსოც გაუქმდა). ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შერჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

კათოლიკოს დომენტის ლოცვა-კურთხევით დაზიანებული ტაძარი კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ - აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ტაძარში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძები და მათზე დაყრდნობილი თაღები. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XVII საუკუნეში აგებული აგურის ორსართულიანი სამრეკლო. იგი ტაძრის გალავნისა და ქუჩის ორგანული ნაწილია, ხოლო ეკლესიის ეზოში ჩასასვლელ კარიბჭეს პირველი სართული წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთ ფასადში ჩასმულია მართკუთხა ფილა მხედრული წარწერით: „ჩუენ, ქრისტესმიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ტნიგ“ (1675).

1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოს კათალიკოსის მეთაურობით. XVII საუკუნეში წარმოიშვა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც - „ანჩისხატის უბანი“. თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა. მის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა.

გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშნველოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფის - ალექსი-მესხიშვილების - დინასტიან ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე - ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს“. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.

სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.

ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი). უპირველეს ყოველისა ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა თვით ტაძარიც. გამოვლინდა მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც დომენტი კათოლიკოსის დროს ჰქონდა.

ათას ხუთასი წლის ანჩისხატის ეკლესია დღესაც მოქმედია.





 ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია  




 მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.
 
                                                                 ========
           მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:

„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი - წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

„დიდება დიდ ლომისასაო“, - დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, - უპასუხებენ ისინი... შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:

„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.

ამინ!





 ხახულის მონასტერი 




ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).                  


დაარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკომონიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
                                                               
                                             
ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ "ნავად" იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოებული თითო სატავსია. ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი შემკულია გრეხილი შეწყვილებული ლილვებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალუღად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული თაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაძარი უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთი მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა). შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.




                                        არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია


 არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია  - არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - დგას მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ-ზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე.

აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა.

ეკლესიის კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე - რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი, კედლები.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2 ხ 8,2 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე გაშლილია: განიერი საკურთხეველი და მის წინ ბემა კიდევ უფრო ზრდის სივრცეს. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ორი.

ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

კარიბჭეს (3,6 ხ 5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა.

მინაშენი (10,8 ხ 3,2 მ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა; სამხრის მხარეს კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადთან ამოყვანილ ვიწრო (0,27 მ) კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში - ორი.

საძვალე (3,7 ხ 3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართვ. სახელმწ.მუზეუმში). წარწერა ეკლესიის თანადროულია. პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ოსტატი პირების მოხედვით იგი 1150-78 წწ-ით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული XII ს-ის II ნახ-ში.

ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს-ში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულის(მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია. მეორე სართული - რვაწახნაგა ფანჩატური რვა ღია თაღით გადახურულია კამარით. მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ.






   
                                             ოშკი (ტაო კლარჯეთი)                                    
  ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი (დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები.

ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეულია სწორკუთხა მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.


                                                     
ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია 5 დეკორატიული თაღის განმეორებადი კომპოზიცია - აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახელება. გამოსახული არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული.
                                             
რელიეფების უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია.

ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მიუხედავად იუნესკოს დაცვისა ტაძარს დღემდე "ამშვენებს" დას.-დან მიშენებული სოფლის საზოგადოებრივი ტუალეტი, აღმ.-დან კი-საბძელი.

სამწუხაროდ ტაძარი დღემდე დაუცველია და მუდმივად იძარცვება (მაგ. 2006 წელს გაქრა ტაძრის სამხ.-აღმ. ფასადის ბარელიეფი.)

მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.

19 июн. 2011 г.

სწავლანი და დარიგებანი


 უკანასკნელი სიზმარი -(ილია ჭავჭავაძე) 





ქართველი ერის მამამ იმ ღამეს უკანასკნელი სიზმარი ნახა, აფორიაქრბულს უმალ გამოეღვიძა, მთელი ტანი “ერის ცრემლებით” ჰქონდა გაჟღენთილი მოსვენებადაკარგული დიდხანს ვერ ინძრეოდა, შემდეგ ძალა, მოიკრიბა და სუნთქვაშეკრული საწოლიდან წამოდგა თითქოს ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, იატაკზე მიცურდა, ხატებთან დაიჩოქა, მხურვალე ლოცვიდან ერთადერთი სიტყვა “ სამშობლო გადამირჩინე” გამალებით ჟღერდა.
დილით ოლღამ, ხატებთან ჩაძინებული ილია მოწიწებით გააღვიძა ილიამ მეუღლეს ღამის ზმანება უამბო:
“ თეთრი პერანგით ვიყავი შემოსილი, ოქროსფერ ცაში ვფრენდი ფრინველად , დიდხანს – დიდხანს გამლაღებელი, სიო დამაქროლებდა.
შემდეგ მიწაზე დავფრინდი, ყველგან სისხლი იყო დანთხეული, ვცდილობდი საკუთარი ცრემლებით გამეწმინდა, მაგრამ , რაც მეტს ვინდომებდი უფრო მეტად წითელი ხდებოდა. ერთ ადგილას ორმოდან ცეცხლის ალი ამოდიოდა, მიახლოვებისას უეცრად შიგნით აღმოვჩნდი ცეცხლი მეც მომედო, ვხედავდი ამას და საშველად ვინმეს მოხმობა მსურდა, ხმას ამოვიღებდი თუ არა გალობა ამომდიოდა გულიდან.”
გაღვიზებულს სული ამიფორიაქდა, - რა იყო? რას უნდა მოასწავლებდეს ნეტავი?
- ჩემო ილია შენი ბედისწერა ასეთია, ყველას სატკივარი გულთან, საკუთარი ჭრილობასავით გეწვის. უსამართლობას ებრძვი, მაგრამ მხოლოდ ერთი რას გააწყობ? ამხელა ქვეყანას ცოდვა – მადლს შენ, როგორ მოაგვარებ. ძილი გქონდა მშვიდი და ახლა ესეც დაკარგე. აკი ამბობ “ მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა”
ერთ გულში ამხელა საქართველო, როგორ გეტევა ღმერთმანი?!
- კარგი დაწყნარებაა ჩემო ოლღა!
- დასვენება გჭირდება, ჰაერზე გავლა.
- ასე სჯობს, მაშ კარგი მეეტლეს უბრძანე გაემზადოს საგურამოში წავიდეთ. წასვლა გადაწყდა. ილიას გული გონებას ცხოვრებაში პირველად არ ემორჩილებოდა.
გარიჟრაჟი იყო, შემოდგომის მზის სხივები აღმოსავლეთ კაბადონზე სისხლისფრად ლივლივებდა. მცხეთისკენ მომავალ ეტლში მეუღლეები, თვალებში უსიტყვოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
- იქნებ აღარ წავსულიყავით, აღმოხდა ოლღას და თვალებზე ცვარ-ნამი დაედო.
- როგორც სამშობლოს ერთგულმა, პატრიოტმა ჩემი უღელი უღალატოდ ვზიდე, ადგილი არ დამრჩენია ოფლის უკანასკნელი წვეთი არ დამეღვარა, ბრძოლის ასპარეზზე ხელტიტველი ხშირად გავსულვარ და იქიდიან გამარჯვებული გამოვსულვარ, მწამს და მჯერავს ჩემი აფრიალებული დროშა მარადიულად იშრიალებს, დროის ქროლვა მას ვერაფერს დააკლებს , პირიქით სწორედ ჩემი ნაკვალევი გაიყვანს ჩემს ერს სწორ კვალზე.
- სდექ! იქუხა მჭექარემ ხმამ წიწამურის გადასახვევთან.
- რა გნებავთ? იკითხა ილიამ და მისი სიმშვიდე წუთით ყაჩაღსაც გადაედო.
მარადიული წამი, მაშინ გაქრა, როცა ტყიდან, რამდენიმე იარაღიანი კაცი გამოიჭრა.
- რა დაგიშავეთ? დაიგუგუნა ერის მამამ. რაა? ყაჩაღებმა ერთმანეთს გახედეს, ვერცერთმა მოახერხა პასუხის გაცემა.
- ნუ დააობლებ შენს სამშობლოს! იყო უკანასკნელი სიზმარის დასასრული- დასაწყისი.
ყველა ქართველის გული დაჭრა ი.მ ერთმა გასროლილმა ტყვიამ.



ნ. გვაზავა.
                                  უკვდავების ბინადრები ანუ გენიოსთა გაბაასება




არავინ იცის გენიოსები, როგორ და საიდან მოდიან, სად იწყება მათი ნიჭის სათავე და სად მთავრდება. უფლისგან ბოძებული ძალა თუ დაწერული ბედისწერა, რომელსაც ცხოვრების განსხვავებული წესით გამოხატავენ.


- გამარჯობათ! ძია კაცო.
- უფალმა გამარჯვება მოგცეს.
- რას ხატავთ?
- სულის ძახილს!
- რას გკარნახობთ თქვენი შინაგანი ხმა?
- სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულს, თავმდაბლობას, უბრალოებას.
- უბრალოების – სიდიადე თქვენ ერთი შეხედვიტაც გეტყობათ.
- ღარიბი ნამდვილად ვარ, უბრალოდ კაცი, ჩემი სიმდიდრე აი ეს ჩემი შემოქმედებაა მხოლოდ. მათ ჩემს სულს ვბერავ და ცხოვრებას ვაქსოვ.
- ალბათ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სულიერი განცდა. მეც მაქვს ჩემი შინაგანი მელოდია.
- თქვენ ალბათ მღერით არა?!
- ვმღერი?! ალბათ ვმღერი, მხოლოდ ლუქსებში, ჩემი პოეტური საღებავები სულის “საიდუმლო მუსიკას” გადმოსცემს.
- მსმენელი! უფრო სწორად მკითხველი ალბათ ბევრი გვეყოლება?!
- კი მეგობრები მისმენენ, მაქებენ კიდევაც.
- ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ! მე კი არ მყავს დამფასებელი, კაპიკებად ვყიდი ჩემს ერთადერთ სიმდიდრეს, რომ ვისულდგმულო. ჩემი მეგობარ-გამზიარებელი ღვინით სავსე ფიალაა, შევსვამ და მხოლოდ ის არის ჭირისუფალი, რომელიც ცხოვრებას მიმსუბუქებს.
- ცდებით, მეც თქვენსავით „ სულით ობლობის“ ტყვე ვარ! არსებობისთვის ცხოვრების ამ ქაოსში სფერო პოეზიაა, რომელიც მასულდგმულებს.
- ნუთუ ? .... მხატვარმა თანამოსაუბრეს ახლაღა შეხედა- გაოცდა თითქოს მის სათქმელს ღამის სტუმარი აჟღერებდა. ის რისი თქმან მას თავისი ცხოვრების მანძილზე სურდა ამ წუთში სხვისგან ისმენდა. ღამის ლანდს დააცქერდა პოეზიით გატაცებული მოსაუბრის ამოცნობა სურდა.
გაბრწყინებულ სახეს წააწყდა ენა ჩაუვარდა? თვალებმა გააოცა ...
თვალები, რომელიც არ ემორჩილება სამყაროს მსწრაფვავლობას, მშვენიერი სითუთით სავსე და მარადიულია.
ბურუსმა მოიცვა მხატვარი, ნაცრისფერი და შავი ტონები ერთმანეთში აერია. თავბრუ დახვეულს სტუმარი მოეშველა
- ცუდად ხომ არა ხართ? და ცივი ხელი შეახო, ჩამოჯდომაში მიეშველა, ღვინის სუნი შეიგრძნო ღამის სტუმარმა და აღმოხდა.
“ მთვრალია ყოფით, მთვრალია ცეცხლით.”
ღამის ლანდი ცოტა ხნის წინ, რომ სულის ობლობაზე ჩიოდა, ახლა უფრო უმწეოდ იგრძნო თავი. ვერ გარკვეულიყო რა მოემოქმედებინა. დაბნეულმა, მტელ იქ ყოფნის მანძილზე პირველად შეხედა ნახატს და თვალებს არ დაუჯერა ახლიდან დააკვირდა, გაოცებისგან აღმოხდა, - “ არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს”.
  ჯირაფის ირმის თვალები.” უბრალოდ, მეტყველი, რწმენით სავსე ამავე დროს აფორიაქებული, სასოწარკვეთილი და მარტოობისგან მიუსაფარი.
  ხელოვნების მეფე …... მხატვარი მეფე ... ფიქრობდა პოეზიის საფეხურზე ახლად მიმავალი მწერალი. სულის სიღრმემდე აღწევდა ჯირაფის თვალების ძალა. ჰანგების მგოსანი უფრო მეტი სიცოცხლის რწმენით ივსებოდა და ნაკარნახევი სიმების ტყვე გამხდარიყო.
მხატვრების სულის ძახილს ახლაღა ჩაწვდომოდა, მგოსანი მხატვრისკენ შეტრიალდა გაკვირვებულს უნდოდა გამოეკითხა ვინ იყო? რა იყო? ხორც შესხმული სასწაული თუ იყო? უნდოდა ეკითხა, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოუყარა, გვერდით მიუჯდა-მისი ფიქრები ღვთიურ სასწაულს ვერ სცილდებოდა.
- ნუთუ ჩვენს შორის დაიარება გენიოსი. რა აზრი აქვს კაცის ცხოვრებას თუ საკუთარი ხელებით სულის მწვერვალები არ მოხაზა?
უკვდავების ბინადრები ღამის წყვდიადში გრძნობდნენ ერთმანეთის სიძლიერეს. თვითნასწავლი ცხოვრებისგან გატეხილი მხატვარი და ახლად აბიბინებული, ჯეჯილივით მოხასხასე მგოსანი. ( შემდგომში, პოეზიის მეფედ წოდებული მწერალი ) უკვდავების ბინადარნი ერთხელ, მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ორივეს მარტოობა სტანჯავდა, ორივე ღვინით იქარწყლებოდა ამაოებას, ორივე დიდი და ამოუცნობი დარჩა, ორივეს ერთი სატკივარი, ერთი ჭრილობა სამშობლო აწუხებდათ, და ამიტომაც დაიმკვიდრეს სამუდამო განსასვენებელი ქართველი კაცის გულში.



ნ. გვაზავა.


                                                         მასწავლებელი

        
-როდის დაიწყე წერა?
-პატარა, რომ ვიყავი.
-რა დაწერე პირველად?
-ლექსი.
-გახსოვს?
-არა,არ მახსოვს.
-ეხლა რას წერ?
-მოთხრობას,
-რა თემაზე?
-დედა-შვილიბაზე,უფალზე,
-უფალზე რას წერ?
-ის,რომ მარადისობის საწყისია,რომ ადამიანმა უფლამდე მისაღწევად მრავალი განსაცდელი უნდა დაითმინოს,რომ ცხოვრებისეული შეცდომის ანუ ცოდვის გარეშე ცხოვრება უღმერთოა.
-ყველა გზა უფალთან მიდის?
- ალბათ,მაგრამ ვფიქრობ ეს გზა შენ თვითონ უნდა იპოვნო.უფალი ყველა ადამიანის სულში ცხოვრობს,მერე შენ თვითონ უნდა ეძიო,ეძიო და აუცილებლად იპოვნი.
-მე,როგორ ვიპოვნო უფალი?
-რაკი სურვილი გაქვს,შეეცადე და....
-შენ,როგორ იპოვნე ღვთის გზა?
-მეც ვცდილობ ვიპოვნო,ვიარო და ვეძიო.თუმცა ვიცი, რომ ვუყვარვარ.
-საიდან იცი, რომ უყვარხარ?
-ვგრძნობ,რომ სულ ჩემს გვერდითაა.
-მეც ვუყვარვარ?
-უფალს ყველა უყვარს,ისე როგორც მშობელს შვილი.
-მეც მიყვარს უფალი,აი ჯვარი მკიდია გულზე,როცა მიჭირს ვკოცნი და ვლოცულობ.
-კარგი გოგო ყოფილხარ.
გოგონამ დიდხანს მიყურა,ფიქრიანი თვალებით,მერე ადგა და გაიქცა,მიფრინავდა პეპელასავით მსუბუქი,ნარ-ნარით.არ ვიცი ასე გაიფრენდა ჩვენი საუბარი თუ გონებაში ჩარჩებოდა,ჩაილექებოდა მასში რაიმე???ყველას ხომ ჰყავს
თავისი მასწავლებელი.....
ჩემი მასწავლებელი ჩემი ცხოვრებაა...და ალბათ ასე საიდანღაც ამოკითხული,მოსმენილი და ნასწავლი...მერე ჩემში, რომ ჩაილექა და ჩამომაყალიბა.ეხლა კი ვწერ,ვწერ ,რომ მერე თქვენ გალაღდეთ,არ დაკარგოთ გზა....მარადისობისკენ სავალი....უფლისკენ სავალი....



თამარის ნააბანოევი 
 
 აქ თამარის ნააბანოევია. ბავშვობაში ბევრჯერ მოვსულვარ სათამაშოდ,მირბენია, გული მიჯერებია ცელქიბით.გრძნობა, რომელიც მახლდა იყო ამოუცნობი შიშის,გაქვავებულ წარსულთან შეხების, რომ იღვიძებდა .აქ გამეფებულა სიჩუმე,სიცოცხლე ქვებად ქცეულია,გაშეშებულა წარსული ხუცური დამწერლობითა და წარმართთა ქანდაკებებით, რომლებიც საუბრობენ,განიშნებენ და მოგითხრობენ.

შუადრღისით როცა ბუნება ისვენებს, მწერების ჭრიჭინი და იქვე მორაკრაკე ხევის ჩხრიალი ისმის. სწორედ ეს ხმები გაფხიზლებენ და სიცოცხლის რაობაზე მაგანიშნებენ, მაგრამ დამფრთხალი ჩიტივით გული საგულეს არ გაქვს, აქ ხომ სიკვდილია გაბატონებული.შეიძლება აქ ოდესმე მართლაც იყო სამოთხე. მერე ....მერე

ღმერთმა შემუსრა ცოდვილნი.... გამოყარა, მერე...დასეტყვა.... ან წარღვნის შედეგად გაანადგურა.....ეხლა........ეხლა კი დარჩენილია დანაოჭებული,დაბერებული სამოთხე.

მიწაში ჩამხმარა თამარის ნააბანოევი,დროთა სვლაში მიწას ისიც შეუჭამია,არ დაუნდია,ამ ამ ათიოდე წლის მანძილზე გაუნახევრებია კიდეც პატარ-პატარა ნაოთახევებია დარჩენილი.ერთი დიდი პალატაა ალბათ სამეფო.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ღამღამიბით ახლაც მოდიან წარსულის აჩრდილები,ახლაც ესტუმრებიან ხოლმე და ისევ ისე ახურებენ დადოფლისთვის აბანოს.

დგას თამარ მეფის ნააბანოევი ცივი, გაშეშებული, ოცნებებით სავსე შესცქერის ცას და მზის ამოსვლას იმედით ეგებება.გაყურებს გზას და ისევ უცდის სამეფო დროშა, როდის გამოჩნდება,როდის მოესმევა ცხენების თრაქა-თრუქი.

მიწა.....მიწა კი არ ინდობს ჭამს.... ჭამს ისე,როგორც სჩვევია....

ნააბანოევი კი სიამაყე შემორჩენილი დამსგავსებია მომაკვდავ მოხუცს, რომელიც ეს ესაა სიკვდილის მოლოდინში გაალამაზეს.

ბევრჯერ მიფიქრია და ალბათ ყველას მათ შორის, ვისაც არმაზის ხევში

თამარ მეფის ნააბანოევი უნახავს....იქნებ აქ არის ქალი მეფის საფლავი?იქნებ აქ

ამ მიწის სიღრმეშია მისი ბინა?იქნებ ახლა გვეძახის, აქ ვარ ჩვენ კი არ გვესმის,არ გვინდა გავიგოთ, ან ჟრიამულში იკარგება მისი ხმა?

მაღალო ღმერთო,თქვენ უკეთ იცით,როდის დადგება ჟამი,საქართველოს გამდიდრებისა.ან იქნებ მისი საფლავი ერთი მთლიანი საქართველოა?თამარი კი ყველა ქართველი ქალის გულში ჩაბუდებული წმინდანი?......

ჩვენ კი აღმოსაჩენად ჩვენ გულებში უნდა ვეძიოდ.

ხმა გავრცელდა არქეოლოგები მოდიანო....მიხარია....ღამე თითქმის არ მძინავს,...

ყოველ დილით მივრბივარ და ვკითხულობ-რა არის ახალი?- ვიპოვეთ...-.ვიპოვეთ....

-რა იპოვეთ?....გული ამოვარდნას მაქვს.

-საქართველო ვიპოვეთ....

-საქართველო? ვერ ვაგებ....

მერე არქეოლოგებმა ნაპოვნი ქაღალდი გაშალეს,იქიდან თამარის სამშობლო ბრწყინავდა.
 














                                                    ქართველი მიწის შვილი


 




           უცხო ცას შესცქეროდა დეიდა ქეთო,ღამღამობით უცხო ვარსკვლავებს უთვალთვალებდა,ფიქრობდა ყველაფერზე,განვლილზე და მომავალზე...მონატებულზე და მოსანატრებელზე....ყველაფერი ქონდა, მაინც ღატაკი იყო,სუნთქავდა მაინც იხჩობოდა,მხედველობა არ უჭირდა, მაგრამ მაინც ბინდად ეჩვენებოდა ყველაფერი.
გონებაში მხოლოდ ნანახი,ოდესღაც მშობლიური უტრიალებდა....უცხო ცამ ვერაფერი აუწყა,მერე ადგა და სანაპიროს დაუყვა,ზღვიდან მონაბერი ნიავი მშობლიურ ამბორად ეჩვენა და თაბრო დაახვია,მერე ყურებიც დაეგუდა და რაღაცა ხმები ჩაესმა,ჯერ არეული, მერე ნელ-ნელე გაარჩია, შვილები ეძახდნენ დედაააა...დედააა...არც მათ შიოდათ,ანდაც სწყუროდათ ობლობა ატირებდათ,სულიერი ობლობა...მერე ატირებულმა დეიდა ქეთომ, ზღვის ეკრანზე ნათლად გაარჩია, როგორ გამოჩნდა სახლი აი მისი გაზრდილი შვილები მათი სევდიანი სახეები...
მაგრამ, მოიცა....გული აღარ ააქვთ?გულ-მკერდი გაპობილა?მხოლოდ ხანდახან როცა ცრემლი დაეცემა მაშინ გაიელვებს წამებით და მერე ისევ ქრება.
DდეიდაQქეთოს გაუჭირდა მიჩვეოდა იმას, რისი ნახვაც ყველეზე მეტად უნდოდა,თავიდან ნელ-ნელე უახლოვდებოდა,აკვირდებოდა, მერე ფეხები ვეღარ დაიმორჩილა...დედის დანახვაზე შვილები სიხარულით ხტოდნენ,დედაც ეხვეოდა კოცნიდა,სითბო ედებოდა მთელ სხეულში.... ფეხებიდან დაიწყო,მერე ნელ-ნელე გულამდე მივიდა,როგორ უცნაურად სცოდნია მონატრებას, გაიფიქრა დეიდა ქეთომ ...დედა შემოგევლით,როგორ დაგტოვეთ, როგორ გავძელი უთქვენოდ, მერე სიამე ყელშიც მასწვდა ალბათ ცრემლი მახჩობს სუნთქვას შეეცადა....მაგრამ,მონატრებულმა წარმოსახვითმა სამშობლომ არ დაინდო. შეიძლება ვერც კი იცნო...
ზღვის პირას გამორიყული გვამი იპოვეს,გულზე ხატი ეკიდა,მეორე მხარეს ამოტვაფრული ქონდა; მე ქართული მიწის შვილი ვარ.





                                                          იგავი პატიებაზე 



იგავი პატიებაზე ცხოვრობდა ერთი კაცი. ცხოვრობდა, ცხოვრობდა და შემდგომ, როგორც ხდება ხოლმე, გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ სხეული აღარ ქონდა, მხოლოდ სულიღა დარჩენილიყო - გამჭვირვალე სული, რომელშიც ყველაფერი ჩანდა. დაღონდა კაცი. სხეულის გარეშე რაღაც არასასიამოვნო და უხერხული გახდა მისი არსებობა. მის გამჭვირვალე სულში ფერად-ფერადი თევზებივით დაცურავდნენ ფიქრები - მისივე ფიქრები, მის მიერ ოდესღაც ნაფიქრალი. ყველა მისი მოგონება კი სულის ფსკერზე ელაგა - მიდი და შეათვალიერე, თუ გინდა. იმ მოგონებებს შორის იყო ზოგი სასიამოვნო, ზოგი კი - უსიამოვნო. იყო ისეთებიც, რომელთა დანახვაც კაცს შიშის ზარს სცემდა. გადაწყვიტა გამოებერტყა ეს ცუდი მოგონებები თავისი სულიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მაშინ ლამაზი მოგონებები ზემოდან დაალაგა, ცუდები კი ქვემოთ ჩატენა და გაუდგა თავისი დანიშნულების გზას. ღმერთმა თვალი შეავლო კაცს და არაფერი უთქვამს. კაცმა იფიქრა, ალბათ, სიჩქარეში ვერ შენიშნა ჩემი ცუდი მოგონებებიო და გახარებული სამოთხისკენ გაეშურა, რადგან ღმერთს სამოთხის კარი არ მიუხურავს მისთვის. გავიდა დრო. ძნელი სათქმელია რა დრო გავიდა, რადგან იქ დრო სხვაგვარად მიედინებოდა, არა ისე, როგორც დედამიწაზე. კაცი ღმერთთან დაბრუნდა. - რატომ დაბრუნდი? - ჰკითხა ღმერთმა - მე ხომ არ დამიხურავს შენთვის სამოთხის კარი ? - უფალო, - უპასუხა კაცმა, - ძალიან ცუდად ვარ შენს სამოთხეში. ნაბიჯის გადადგმისაც კი მეშინია - კარგი იმდენად ცოტაა ჩემს სულში, რომ ვერ ფარავს იმ ცუდს, რომელსაც ვატარებ. ჩემს სიცუდეს ყველა ხედავს. მეშინია. - რა გსურს ჩემგან? - ჰკითხა სამყაროს შემომქმედმა. - შენ ყოვლის შემძლე და მოწყალე ხარ, უფალო, - უპასუხა კაცმა. - ჩემი სულის ყველა კუნჭული იხილე, მაგრამ არ შეგიჩერებივარ, როცა ჩემი ცოდვების დაფარვას ვცდილობდი. მოიღე მოწყალება, მომაშორე ყოველივე ცუდი, რაც ჩემშია. - სულ სხვა თხოვნას ველოდი შენგან, - უთხრა ღმერთმა, - მაგრამ შეგისრულებ, რასაც მთხოვ. მოაშორა ღმერთმა კაცის სულს ყველაფერი, რისიც მას სცხვენოდა: დაავიწყა მოგნებები ღალატსა და გაუტანლობაზე, სიმხდალეზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, სიხარბესა და სიზარმაცეზე. მაგრამ კაცს სიძულვილთან ერთად სიყვარულიც დაავიწყდა. წარუმატებლობებთან ერთად კი წარმატებებიც წაიშალა მისი მეხსიერებიდან. იდგა ღმერთის წინაშე სული - სრულიად გამოცარიელებული. მაგრამ ღმერთი მოწყალე იყო და ისევ დაუბრუნა სულს ყველაფერი, რაც მას ავსებდა. მაშინ ხელახლა კითხა კაცმა: - მითხარი, უფალო, როგორ მოვიქცე? თუკი კეთილი და ბოროტი ასე გადაჯაჭვულნი ყოფილან ჩემში, სად წავიდე? ნუთუ ჯოჯოხეთში? - სამოთხეში დაბრუნდი, - უპასუხა ღმერთმა. კაცი დაბრუნდა სამოთხეში, მაგრამ გავიდა დრო და კვლავ მივიდა ღმერთთან. - შემომქმედო! - უთხრა კაცმა. - შენს სამოთხეში ცუდად ვარ.ყოვლის შემძლეო და მოწყალეო, შემიბრალე, მაპატიე ჩემი ცოდვები. - კარგი, გაპატიებ! - უპასუხა უფალმა. ღმერთმა აპატია კაცს მისი ცოდვები და კაცი დაბრუნდა სამოთხეში. მაგრამ გავიდა ხანი და ის კვლავ მივიდა ღმერთთან. - ახლა რაღას მთხოვ? - ჰკითხა ღმერთმა. - შემომქმედო! ცუდად ვარ შენს სამოთხეში. ყოვლის შემძლე ხარ და მრავალმოწყალე. შენ ჩემი ცოდვები მაპატიე, მაგრამ მე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. გთხოვ, დამეხმარე. - ველოდი ამ თხოვნას, - უპასუხა ღმერთმა. - მაგრამ ეს ის ქვაა, რომელიც შენ თვითონ უნდა ასწიო.. სიყვარული პატიებით იწყება. ვაპატიოთ საკუთარ თავებს და შემდგომ უკვე შევძლებთ სხვების პატიებასაც.





                                      შიო მღვიმობა (სულიერი გარდატეხვა)


     მშვიდი დღე იყო,ნისლიან მთებიში ბადრი მთვარე გადაჭიმულიყო და იღიმოდა.შიო მღვიმის მონასტერი,მომლოცველებით სავსე იყო,მონასტრის წინამძღვარს წმინდანის ძვალი გამოებრძანებია და მლოცველებს სათითაოდ ადებდა მტკივნეულ ადგილას.იქ ნისლიან ტყეში წმინდა ნაწილები ბრწყინავდნენ.
  მერები ორმოც წელს გადაცილებული კაცი გახლავთ,იგი უფლის განგების წყალობით  დღესასწაულზე, შიო მღვიმეში აღმოჩნდა,უფლის სწამდა,მაგრამ რწმენა, რომელიც ამ შემთხვევის წყალიბით მიიღო, მხოლოდ ღვთისგან დაშვებით,გამორჩეულ ადამიანებს ხვდებად ხოლმე წილად.წმინდა ნაწილებიდან საოცარი ძალა იგრძნო,თითქოს მის სულს საკინძე გაუხსნეს და იქ უფალი დაბინავდა...მას შემდეგ შეცვლილი ახალ ადამიანად ქცეულიყო.ერთ დღესაც სახელოსნოს მიაშურა,იქიდან დიდხანს არ გამოვიდა,ჭედდა და ჭედდა
საკუთარი ცხოვრების უკანასკნელ შესვენებას,გული თუ უგრძნობდა რაღაცას,ადამიანი ხომ ხანდახან ისე მიყვება წინათგრძნობას არ იცის...იქნებ ასეთ შემთხვევაზეა ნათქვამი რაღაცნაირად უნდა გარდაიცვალო,რომ არ დაგივიწყონ?
ერთ დღეს ტაძრიდან დაბრულებულმა,სახელოსნოს მიაშურა,იქიდან გრძელი სკამი გამოიტანა და ეზოში დადგა,მობინადრეები ლოცავდნენ...ღმერთმა გაგახაროს შენს მეტმა ვერავინ მოიფიქრა,ერთი სკამი არ იყო დაგვესვენა ხოლმე.
..მერე..... მერე ღმერთმა ცოტა ხანში, უდროოდ წაიყვანა ამ ქვეყნიდან,ხოდა ხალხმა უკანასკნელად სწორედ ამ სკამზე შეასვენა....ვინ იცის რას ფიქრობდა, როცა სკამის საზურგეს, ანდა ფეხებს ჭედჭა? უფალზე?უფალზე კი ნამდვილად ფიქრობდა.