17 окт. 2011 г.

წმინდანთა ცხოვრება

წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი
ცხრა ძმა კოლაელი სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო. ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა“ ეუბნებოდნენ მათ. ყრმები თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. „უკუეთუ გნებავს შემოსლვად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ-იღეთ სახელისა მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტეანეთა“ აუხსნეს ყრმებს მეგობრებმა. ყრმებმა სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში. ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არარაჲ გჳჴმს თქუენგან, არამედ განგჳტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა“, - ითხოვდნენ ისინი. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ჴელმწიფებაჲ გაქუს, უყავთ, რაჲცა გნებავს“. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთჳსცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ“, - ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს. ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.
შიო მღვიმელი ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც, ტრადიციის თანახმად, იოანე ზედაზნელთან ერთად მოვიდა ქართლში, შიო-მღვიმის მონასტრის დამარსებელი. წარმოშობით შიო იყო ასურეთიდან, ქალაქ ანტიოქიიდან (ან ანტიოქიის მიმდებარე დაბიდან), მდიდარი, წარჩინებული და ღვთისმსახური მშობლების ერთადერთი შვილი. 16 წლისა რომ შეიქნა, წმინდა წერილის შესწავლა დაიწყო და ისე თავდაუზოგავად კითხულობდა, რომ მშობლები მისი ჯანმრთელობის გამო შეშინდნენ და დროდადრო დასვენებას სთხოვდენ. 20 წლის ასაკში შიომ მშობლებისაგან ფარულად დატოვა სახლი და წავიდა იოანე ზედაზნელთან, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა თავის მოწაფეებთან ერთად. მაგრამ იოანემ უბრძანა ჯერ მშობლებთან დაბრუნება და მათგან კურთხევის მიღება. შიო დაბრუნდა სახლში, ცოტა ხნის შემდეგ კი მისმა მშობლებმა მონასტერში წასვლა გადაწყვიტეს. მაშინ შიომ მთელი ქონება გაყიდა და მონასტრებსა და ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი იოანესთან წავიდა და ბერად აღიკვეცა. ოცი წელიწადი დაჰყო შიომ იოანესთან უდაბნოში და მრავალი სასწაული აღასრულა. ხოლო როდესაც იოანემ დატოვა ასურეთი და ქართლისაკენ გამოემართა, მასთან ერთად წამოვიდა შიოც (ერთი წყაროს თანახმად, მცხეთაში ევლავიოზ ქართლის კათალიკოსთან ასურელი მამების შეხვედრისას შიო სასწაულებრივად ალაპარაკდა ქართულად). შიომ გარკვეული ხანი დაჰყო იოანე ზედაზნელთან და სხვა ასურელ მამებთან ერთად ზედაზენის მთაზე (ერთი წყაროს თანახმად – 4 წელი), შემდეგ კი აირჩია სარკინის ხევი, მდინარე მტკვრის მახლობლად, ღრმა და უწყლო, ზამთარში ცივი და ზაფხულში ცხელი, და იქ დამკვიდრდა გამოქვაბულში (ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შიომ ჯერ იოანეს სთხოვა განცალკევებით დაყუდების უფლება, იოანემ აკურთხა იგი და კათალიკოსის კურთხევის მიღებაც უბრძანა, და მხოლოდ ამის შემდეგ განმარტოვდა შიო სარკინის ხევში). შიო მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. ხეობაში არ იყო არც წყალი და არც საკვები. ერთხელ, განთიადზე, გამოეცხადნენ მას ღმრთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი ანგელოზების თანხლებით. ღვთისმშობელმა პირში ჩაუდო შიოს უჩვეულო თეთრი საკვები და უთხრა, რომ ამიერიდან მას ადამიანური საკვები აღარ დასჭირდებოდა, არამედ მაცხოვრის ბრძანებით ერთი ანგელოზი მუდმივად მასთან იქნებოდა და იზრუნებდა მასზე. ამის შემდეგ შიოს ღვთაებრივი საზრდელით კვებავდა ანგელოზი, რომელიც მტრედის სახით ევლინებოდა მას. ერთ ჱდღეს, ციხედიდის მთავარმა ევაგრემ, სარკინის ხევში ნადირობისას შენიშნა მტრედი, რომელსაც შიოსთან საკვები მოჰქონდა, მის კვალს გაჰყვა და შიოსთან მივიდა. შიოს სიწმინდისა და სათნოების მხილველი ევაგრეც ბერად აღიკვეცა და შიოს მახლობლად სხვა გამოქვაბულში დაეყუდა. როდესაც მეფემ შეიტყო ევაგრეს ბერად აღკვეცის ამბავი, შეწუხდა და მოვიდა მის წასაყვანად, მაგრამ ვერ დაითანხმა. მაშინ მეფემ შიო მოინახულა და როდესაც დაინახა მისი ანგელოზისებრი სახე, მოიხსნა გვირგვინი და სარტყელი და შიოს ფერხთით დააგდო, შემდეგ მუხლებზე დაეცა შიოს წინ და კურთხევა სთხოვა. ამის შემდეგ მეფემ მონასტერს დიდძალი შესაწირი მიუძღვნა (ოთხი სოფელი და დიდძალი ოქრო, ოქროს ბარძიმი, ჯვარი და სახარება). მისი ბრძანებითა და შეწევნით აშენდა უდაბნოში სამი ეკლესია, რომლებიც კათალიკოსმა მაკარიმ აკურთხა. კათალიკოს სურდა აგრეთვე წმ. შიოს მღვდლად კურთხევაც, რადგან დიაკვნად ხელდასხმული ანტიაქიაშივე იყო, მაგრამ შიოს შეეშინდა, რომ ამას შემდეგომში შეიძლებიდა ეპისკოპოსობის პატივიც მოჰყოლოდა და არ დათანხმდა. განითქვა შიოს სახელი და გამრავლდა ბერების რიცხვი, რომლებიც იქვე მახლობლად დაემკვიდრენ. ევაგრე და სხვა ბერები უფრო ზევით იყვნენ, ხოლო შიო გამოქვაბულში დარჩა, საიდანაც დროდადრო გამოდიოდა და ჰმოძღვრიდა თავის მოწაფეებს. მოჰყავდათ მასთან სნეულები და განკურნავდა მათ შიო ლოცვით. გარკვეული დროის შემდეგ შიო იოანე ზედაზნელისა და კათალიკოსის კურთხევით მღვიმეში დაეყუდა. მღვიმეში ჩასვლამდე მან დამოძღვრა ბერები, დაუტოვა თავისივე დაწერილი ვრცელი “სწავლანი” და თავის ნაცვლად წინამძღვრად ევაგრე დაუდგინა. მრავალი წელი (ერთი წყაროს მიხედვით – 43 წელი) გაატარა შიომ პატარა მღვიმეში და გარდაცვალების შემდეგ იქვე დაიკრძალა (ერთი წყაროს თანახმად დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა მაკარი კათალიკოსი და მრავალი ეპისკოპოსი).
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა. მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ... ასეთივე პატრიარქი. 1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, - ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“. 1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, - არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“. 1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა. მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ... ასეთივე პატრიარქი. 1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, - ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“. 1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, - არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“. 1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

წმიდა მოწამე აბო თბილელი

მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა". სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.
სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაითა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა ნეტარმა.
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით, მალე გაათავისუფლეს.
თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს, დამალულიყო, მან კი, გახარებულმა ასე უპასუხა: "მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესათვის, არამედ სიკუდიდცა".
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყველანაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა ქრისტიანებს, გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. "ნუ სტირით ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ", - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.
ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადააგდეს.




წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი

ტროპარი: წმინდანო უვერცხლოთა მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოს მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მოჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.





წმიდა იოანე მანგლელი



წმიდა იოანე მანგლელი (სააკაძე) (დ. 1668 – გ. 25 მარტი, 1751). ბავშვობიდანცე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული წმიდა იოანე მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად.
1724 წელს წმიდა იოანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იოანემ მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა. ამ დროს ვახტანგ VI-სა და პეტრე დიდს მიწერმოწერა ჰქონდათ ართმანეთთან კასპიისპირეთისსაქმეებზე. ორივე მეფე მალე მიხვდა იოანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწიეს მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.
1737 წელს იოანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. აქ მან ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსეთის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა.
ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად.
ოთხმოც წელს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს და თავისსავე აგებულ მონასტერში დაკრძალეს. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა იოანე მანგლელის საფლავი არის სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ.


წმინდა პეტრე მოციქული


წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში . ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.

გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით.მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან - სიმონთან მივიდა და უთხრა: ჩვენ ვნახეთ მესია - ქრისტე და ისიც მიიყვანა იესოსთან. უფალმა შეხედა სიმონს და უთხრა:

„შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“ -(იოან. 1:42)
აქედან მოყოლებული წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან და სხვა ახლად მოწოდებულ მოწაფეებთან ერთად აღარასოდეს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისათვის უყვარდა პეტრე მოციქული; ერთხელ იგი სიმონის ღარიბულ სახლს ეწვია, სადაც ხელის შეხებით განკურნა მისი ციებ-ცხელებით სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულის, რომლებიც ნათლად მოწმობდნენ რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა.


უფლის სხვა ორ მოწაფესთან - იაკობთან და იოანესთან ერთად წმინდა პეტრე მოციქული ღირს იქმნა უფლის ფერისცვალების დიდება ეხილა თაბორის მთაზე. როცა მოახლოვდა უფლის ნებაყოფლობითი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის დრო, წმინდა პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოამჟღავნა იესო ქრისტეს მიმართ ერთგულება და მაშინ როდესაც იუდა ისკარიოტელმა გასცა უფალი, პეტრე ეცა ერთერთ მათგანს და ყური მოკვეთა. მიუხედავად პეტერ მოციქულის ესოდენი სიყვარულისა ღმერთმა მაინც დაუშვა მის მიერ უფლის სამგზის უარყოფა.წმინდა პეტრე მოციქულთაგან პირველი იყო ვისაც ეჩვენა მკვდრეთით აღმსდგარი უფალი.

მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მიიღო რა წმინდა პეტრეს გულხურვალე სინანული მისივე სამჯერ უარყოფა სამჯერადი აღიარებით წარხოცა და მიჰმადლა სულიწმინდის მადლი.


ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი

ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი X საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. მამამისი, წმიდა იოანე მთაწმინდელი, ერისკაცობაში, საქართველოს მეფის, დავით კურაპალატის, მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, ქრისტეს სიყვარულით გამსჭვალულმა, ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და ბერად აღიკვეცა.

იოანეს ცოლ-შვილი, მოსავლელად, სიმამრმა, აბუჰარბმა, და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს, ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.

ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინეპოლში ყოფნის ამბავი, ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, მას „პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი“, ამიტომ „კუალად უცხოებასავე მიჰმართა“ - თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის (ხს. 5 ივლისს) ლავრაში დაეყუდა.

სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვდელთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ვედრებით დაემხო.

როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა ნელსაცხებლის საამო სურნელი და ნახა, რომ ცოტა წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად გამოჯანსაღებულიყო. მან მოუთხრო მამას, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ - „მოვკუდები, დედოფალო“, - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ, ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“.

ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთს მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა“.

ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმიდელი, ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.

მამის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ექვთიმე გახდა ათონის ივერთა მონასტრისა წინამძღვარი. წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა, ძირითადად, ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.

წმიდა ექვთიმეს სასწაულთმოქმედების ნიჭიც ჰქონდა: ჯერ კიდევ მამამისის, ღირსი იოანეს, სიცოცხლეში, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხი თვის განმავლობასი ცვარიც არ ჩამოვარდნილა. ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: „წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაჲსსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაჲ აღასრულეთ“. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი - წვიმა წამოვიდა.

ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა“.

მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.

ეშმაკმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთვისათნო მოღვაწეობა და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ რომელსაც „დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს“, წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა, ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: „ვაჲმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!“ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული.

იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ, მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით მოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმინდანი ძირს ჩამოაგდო.

მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.

ლოცვითა და ღვთის მადიდებელი სიტყვებით აღესრულა წმიდა ექვთიმე და „წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა“ (+1028).

წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს „სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისმცემლისასა“.

იოანე ნათლისმცემელი



იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მეფე ჰეროდემ მოჰკვეთა.

უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა იროდ ანტიპამ (ჰეროდემ) იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი - ჰეროდიადა შეირთო.

ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, ჰეროდემ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დიდად დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც ძალიან უყვარდა იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე: არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ ჰეროდე ერთხანს აგრძელებდა მმართველობას, მაგრამ ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოსწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულში დანთქა.




ღირსი დოდო გარეჯელი




ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.

როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“ და კურთხევა მისცა პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები.

ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.

ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.

ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით.

სულიერმა შვილებამა და თანამოსგარეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმიდა სხეული. შემდგომ წმიდა დოდო გარეჯელის საფლავზე ეკლესია აშენდა.




წმიდა თორნიკე იოანემთაწმინდელი



წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია - მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს (ხს. 12 ივლისს) მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო“. ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.

იოანეს მიერ თორნიკეს კურთხევის შემდეგ იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი ათანასეს ლავრაში, რომ იოანემ, წმიდა ათანასეს კურთხევით, ქართველთათვის ცალკე ააშენა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ქართველებმა სენაკებიც ააშენეს და „მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამ ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი“.

ამ დროს საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს, ბასილის და კონსტანტინეს აუმხედრდა სარდალი ბარდა სკლიაროსი. დედოფალმა თეოფანიამ ბრძანა: „ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს“, წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმიდა მთაზე და ქართველ მამებს სთხოვა: „უღმრთოჲ სკლიაროსი გაგჳდგა და ჴმელით კერძო ყოველ დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე თორნიკ მოვიდეს მეფობისა ჩუენისა“. თორნიკემ შორს დაიჭირა თხოვნა: „მიჯმნიეს ერთგზის და არღარა უკუნ ვიქცე“. ათანასემ და იოანემ სთხოვეს თორნიკეს, ხლებოდა დავით კურაპალატს და დახმარებოდა ბერძენთა მეფეს.

ხანგრძლივი მუდარის შემდეგ თორნიკემ შეისმინა მამათა ვედრება. ბასილი და კონსტანტინე მადლიერების ნიშნად ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, დედოფალმა კი უთხრა: „რაჲცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა“.

თორნიკემ ისარგებლა შემთხვევით და „მრავალფერთა საქმეთათჳს ამხილა დედოფალი“. მან სიმდაბლით შეიწყნარა მხილება და უთხრა: „წმიდაო მამაო, რაჲცა მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქუენსა ბრძანებასა არა გარდავჴდე, ოდენ, ღმერთმან დაგარწმუნოს, შრომაჲ თავს-იდევ და რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატის წინაშე და ყოველი ჭირი ჩუენი აუწყე და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმრთოჲ სკლიაროსი და ჩუენ ჭირისაგან განგუარინნეთ“.

თორნიკე საქართველოში წამოვიდა და ვედრების ეპისტოლენი მიართვა კურაპალატს. მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი სპასალარის ნახვით, შეიწყნარა დედოფლის თხოვნა და დამხმარე ჯარის სარდლად თვითონ თორნიკე დანიშნა. წმიდა მამა დიდ უარზე იდგა, მაგრამ რაკი აღარ მოეშვნენ, დასთანხმდა და ქართველთა მხედრიონს ჩაუდგა სათავეში. ღვთის შეწევნითა და თორნიკეს სარდლობით ქართველთა 12-ათასიანმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება აგემა ღვთისა და მეფის წინააღმდგომ სკლიაროსს და საბერძნეთიდან განდევნა.

გამარჯვების შემდეგ თორნიკემ შვებით მიაშურა ათონის მთას, „ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვლად მოაქცია მშვიდობით“.

ღირს მამათა, იოანეს და იოანე თორნიკ-ყოფილის ლოცვითა და ღვაწლით ათონზე მომრავლებული ქართველები იოანე ნათლისმცემლის ეკლესიამ და ძმათა სენაკებმა ვერ დაიტია და წმიდა მამებმა ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება იდვეს თავს. სკლიაროსზე გამარჯვებისას მიღებული საჩუქარი - დიდძალი სიმდიდრე - თორნიკ-ყოფილმა მთლიანად იოანეს გადასცა და სულ მალე ქართველებმა მთაწმინდაზე კიდევ ორი ეკლესია ააგეს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის.

თორნიკ-ყოფილი საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა: „განთქმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა“, სრულებით მიენდო მოძღვარს და ესევითარი მჴურვალებაჲ აჩუენა, რომელ, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, თჳნიერ მისისა ბრძანებისა, არცამცა სიტყუაჲ ერთი აღმოთქუა, არამედ ყოველსავე მამაჲ იოვანე განაგებნ და მისცემნ, ვითარცა ენების და სადაცა ჯერ იყვის“.

სიმდაბლით, სიწრფოებითა და უმანკოებით გამორჩეული მოღვაწე ბერი მამა იოანეს ეუბნებოდა: „მამაო, თჳთ იცი, რომელ დიდად ცოდვილი ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაჲ არა ვარ, არამედ ნებაჲ ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი“. რადგან თორნიკ-ყოფილი მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი იყო, გარდასულ ამბავთა მოგონება უყვარდა. მონასტრის ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას „საქმეთა საგმიროთა“. წმიდა იოანემ ურჩია: „აწ დაცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაჲ და ამიერითგან სხუასა ნუ ვის ეუბნები, გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა“. გაბრიელ ხუცესის პირიდან არანაირი ამსოფლიური სიტყვა არ ამოდიოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა. წმიდა იოანე თორნიკ-ყოფილი ცრემლის ღვრით ჩაუვარდა ფერხთით მოძღვარს და შეჰღაღადა: „რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთშემოსილო მამაო?“ მამა იოანემ წამოაყენა მოხუცებული და უთხრა: „უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალენ!“ არავის გაუგონია ამის შემდეგ იოანე-თორნიკეს საუბარი, მან მდუმარებითა და ღვთის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობით მიაბარა სული უფალს.


წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი


წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.

უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.

წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანა ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.
უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, – წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები, ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“ დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაჲ შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი ეგე არად საჴმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მჴედრად ქრისტესა“, – მხნედ უპასუხა წმიდანმა.

დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცათა ძუელსა კაცსა აღიძარცჳ და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები… დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.

მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც „აღასრულა ჰსრბაჲ მარტჳლებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცუალა თჳსთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მჴედარი თჳსი, გვირგვინოსანი გჳრგჳნითა სიმართლისათა“ (+1227).






ანთიმოზ ივერიელი




ანთიმოზ ივერიელი მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწეა - დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, თვალსაჩინო პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწე, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ ერთი ფუძემდებელი, მწერალი, ხელოვანი და სასტამბო საქმის ორგანიზატორი ვლახეთში. რუმინელი ხალხი მას თავის წმინდანად, თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო წერს: “საქართველოს წიაღიდან გამოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა”.

მოიპოვება ანთიმოზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება გოვორის მონასტერში, რომელიც 1706 წლითაა დათარიღებული. ამ პორტრეტზე იგი უკვე ხანშიშესული ადამიანია. სავარაუდოდ, ანთიმოზი დაბადებულა 1650 წელს.

საინტერესოა, რომ ანთიმოზ ივერიელს ზოგიერთი მკველვარი რუმინელად მიიჩნევს, ზოგი – სომხად, ზოგი კი ბერძნად. მისი სახელი “ივერიელი”, მათი აზრით, უკავშირდება ანთიმოზის ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობას. ანთიმოზი თავის თავს “უცხოელს” უწოდებს, ხოლო მის მიერ არაბულად დაბეჭდილ “ჟამნში” ვკითხულობთ: ”დაიბეჭდა ბუქარესტსა უნგრო-ვლახეთისასა, ხელითა ანთიმოზ მღვდელ-მონაზვნისათა, ძირად ქართველისა (არაბულად “გურჯი”) წელსა 1702 ქრისტესით”. ასევეა იგი მოხხენიებული მის მიერ გამოცემულ ბერძნულ-არაბულ “კონდაკშიც”.

ანთიმოზის ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ზოგიერთ წყაროში იგი “კეთილშობილ მშობელთა” შვილადაა მიჩნეული, ზოგან კი “საწყალ ადამიანად”, რომელიც “მაღალმა ღმერთმა აღამაღლა”, რათა მოეპოვებინა ადგილი ვლახეთის მთავრის კონსტანტინე ბრინკოვიანუს ბოიარების გვერდით” ( ანთიმოზის წერილი) (ო. გვინჩიძე).

გადმოცემის მიხედვით, ანთიმოზი ახალგაზრდობაში გაუტაციათ და მონად გაუყიდიათ კონსტანტინოპოლის ბაზარზე (დელ კიაროს ცნობა). იგი ტყვეობიდან გამოიხსნა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. როგორც ჩანს, როდესაც ბრინკოვიანუს ანთიმოზი ვლხეთში მიუწვევია სასტამბო საქმის გასავითარებლად, იგი უკვე ცნობილი მოღვაწე იყო –“ბეჭდვითი საქმის, ხატვისა და გრავირების დიდი მცოდნე” (მ. როლერი). მისი ინტელექტუალური სახე საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო (ო. გვინჩიძე), რასაც მოწმობს მის მიერ მიერ გამოცემულ წიგნებზე დართული მოკაზმულობანი, აგრეთვე ბუქარესტში აგებული ტაძრის (“ანთიმოზის მონასტერი”) მთავარი კარი და სარკმელები, კოზიის მონასტრის მოხატულობა. მათში აშკარად შეიმჩნევა ქართული ორნამენტების კვალი (შერბინესკუ). რუმინელი მეცნიერები (ი. ნანუ, პ. კონსტანტინესკუ-იაში) აღიარებენ ქართული ხელოვნების გავლენას რუმინულ ხელოვნებაზე და ამ ფაქტის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ ქართველ ოსტატთა მოღვაწეობა ვლახეთში. მათგან უპირველესი დამსახურება, ცხადია, ანთიმოზ ივერიელისაა, რომლის მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა რუმინული კულტურის არაერთი დარგის განვითარებაზე.

კონსტანტინე ბრინკოვიანუმ თვისი მეფობის პერიოდში (1688-1714წწ.) ქვეყნის კულტურის განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამ საქმის ორგანიზატორი ანთიმოზ ივერიელი იყო. ვლახეთშ

ი არსებოდა ერთი სტამბა, რომელიც დაარსებული იყო მიტროპოლიტ ვარლამის მიერ. ანთიმოზის მეთაუროუბით დაარსდა კიდევ ოთხი სტამბა ბუქარესტში, სნაგოვოში, რიმნიკში და ტირგოვიშტეში. ამ სტამბებში იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. “კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმ ივერიელმა შესძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღომოსავლეთს წიგნებით კვებავდა “ (როლერი).

ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაიბეჭდა: “66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა”, ორ ენაზე, ბერძნულსა და რუმინულზე დაბეჭდილი “სახარება”, რომელიც ანთიმოზის მიერ საუცხოო ორნამენტებითა შემკული; “დავითნი (რუმინულ ენაზე), “ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმინდათა განდიდებისა” (რუმინულსა და ძველ სლავურ ენებზე), “ანთოლოგიონი” (ბერძნულ ენაზე), “ქრისტიანული სწავლებანი” (რუმინულად), “კონდაკი” (ბერძნულ და არაბულ ენებზე), “ჟამნი” (ბერძნულ-არაბულად) “სლავური გრამატიკა”, “აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმების შესახებ” (რუმინულად), “ორთოდოქსალური აღსარება” (ბერძნულად),

“ლოცვანი” (ბერძნულად), “ათონის მთის სამლოცველო” (ბერძნულად) და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დამზადებული არაბული შრიფტი გამოიყენეს სირიაში, ქ. ჰალაბის სტამბაში წიგნების დასაბეჭდად. ანთიმოზმა ათანასე პატრიარქის მოთხოვნით პირველმა დაბეჭდა ვლახეთში სალიტურგიო წიგნები ბერძნულ-არაბულ ენებზე, რომლებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს. 1703 წელს ანთიმოზ ივერიელმა გამოსცა “ბიბლია”რუმინულ ენაზე, თარგმნილი ბერძნულიდან.



ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინება


ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად.

როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც - მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუ ჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ - სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს - ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.

მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი - თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.

წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (V ს.) თქმით, „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში.

სიონობა. სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. სიონის მთაზე არიან დასაფლავებულნი ებრაელთა მეფე დავითი და ძე მისი სოლომონი; მაცხოვარმა ამ კურთხეულ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ხოლო ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი.

თბილისის სიონის მშენებლობა VI საუკუნეში დაიწყო და VII საუკუნის ოციან წლებში დასრულდა ადარნასეს ერისმთავრობისას. ამ დროისთვის იერუსალიმის სიონის მთაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უკვე აგებული ყოფილა.

სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს მტრებს მრავალგზის დაურბევიათ და დაუნგრევიათ, მაგრამ ყოველ ნგრევას აღდგენა-განახლება მოსდევდა. 1226 წელს ხვარაზმის მბრძანებელმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, სიონის გუმბათი მოახსნევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და აქედან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხოცავდნენ უსჯულოები იმ ქართველებს, რომლებიც მეტეხის ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების შეურაცხყოფაზე უარს აცხადებდნენ. XIV საუკუნის ბოლოს ტაძარი თემურ-ლენგმა შემუსრა, მაგრამ XV საუკუნეში კვლავ განაახლეს. XVIII საუკუნეში თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უცდიათ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უსჯულო განზრახვა ვერ აღასრულეს. ასეთი ავბედითი გზებით მოაღწია ტაძარმა დღემდე.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დიდი სიწმიდეები ინახება: მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ნინოს ჯვარი, თომა მოციქულის თავის ქალა, წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა... აქ განისვენებენ საქართველოს პატრიარქები, მათ შორის წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. აქვეა დაფლული დიდი მღვდელმთავარი იოანე მანგლელი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ


ტბელ აბუსერისიძის მოძვაწეობა



ტბელ აბუსერისძე (დაახლ. 1190-1250) - საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი, მეც¬ნი¬ერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ეკუთვნოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერის¬თავთ-ერისთავთა ცნობილ გვარს . აბუსერისძეთა სახლი აგრძელებდა ქარ¬თველი ფეოდალების საუკეთესო მამულიშვილურ და კულტურულ ტრადი¬ციებს. მათი მამული (აჭარა, სხალთის ხეობა) მოფენილი იყო ციხე-სიმაგრეებით და ეკლესია-მონასტრე¬ბით. ტბელის მამა, ივანე ერისთავთ-ერისთავი, ბასიანის ბრძოლაში მოკლეს (1203 წ.), დაქვრი¬ვებული დედა - ეკატერინე (ხათუთა-ყოფი¬ლი) კი მონაზვნად აღიკვეცა. საეკლესიო მშენებლობას ფინანსურად და მატერია¬ლუ¬რად შეეწეოდნენ მწერლის მეუღლე (ბაგული) და და-ძმები.
ტბელ აბუსერისძე დაიბადა ხიხათა საერისთავოში. სასულიერო განათლება მიიღო ვარ-ძიაში, იოანე შავთელთან, 1200-1210-იან წლებში და იყო თავისი მოძღვრის საქმის გამგრძე-ლებელი, რასაც გვიდასტურებს სამეცნიერო-პედაგოგიური ნაშრომი «ქრონიკონი სრული მისი¬თა საუწყებელითა განგებითა». მასში ტბელ აბუსერისძეს ახალ საფეხურ¬ზე აჰყავს შავთელის მიერ წამოწყებული საქმე. ანალოგიური შინაარსის თხზულება (“ასურული კვიკლოსის საძიებელი და მასწავებელი”) წმ. იოანე შავთელს, ადვილად დამახსოვრების მიზნით, ლექსად ჰქონდა დაწერილი. თუმცა ეს იყო მხოლოდ სასწავლო-პედაგოგიური დანიშნულების სახელმძღვანელო. მისგან განსხვავებით ტბელის ნაშრომს აგრეთვე გააჩნდა გამოკვეთილი სამეცნიერო მიზანმიმართულება და წარმოადგენდა სრულიად ახალ სიტყვას ქართული მეცნიერების ისტორიაში.
ვარძიაში ტბელ აბუსერისძის იოანე შავ¬თელზე დამოწაფებისათვის ხელი უნდა შეეწყო ამ სავანის გეოგრაფიულ სიახლოვესაც აბუსე¬რის¬ძეთა მამულთან, ხიხანთან.
1216 წელს ტბელ აბუსერისძე ესწრებოდა ივანე ათაბაგის (მხარგრძელის) მიერ დვინში მოწვეულ საეკლესიო სასამართლოს. სტეფანოზ ორბელიანის ცნობით, სასამართლოში მონა¬წი¬ლე-ობას ღებულობდნენ აგრეთვე ვარძიის წინამძღვარი და მემნა ჯაყელი - ძმა ბოცო ჯაყე¬ლისა, რომელსაც ცოლად ჰყავდა ტბელ აბუსერისძის და - დიოფალ-დიოფალი ვანენი.
ამავე პერიოდში ტბელ აბუსერისძე მოღვაწეობდა აღმოსავლეთ საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრებში, როგორიცაა: მარტყოფის ღვთაება და ალავერდის მთავარმოწამე. სწორედ ამ კერებმა შთააგონა ტბელი, ახალი თხზულებებით განევრცო ასურელ მამათა ჰაგიოგრაფიუ¬ლი ციკლი. მისი ინიციატივით, საქართველოს ეკლესიაში დაწესდა მარტყოფის ხატის დღე¬სას¬წაული, შეიქმნა კერამიონისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული ციკლი (იხ. საბა სვინგელოზი), ალავერდის მთავარმოწამის სასწაულები კი მან თავად აღწერა ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში «სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი».
1222-1233 წლებში, მონღოლთა და ხვარაზმელთა შემოსევების დროს, ტბელ აბუსე¬რის¬ძე ხიხანში ბრუნდება და თავისი ძმების, ერისთავთ-ერისთავების აბუსერ IV-ისა და ვარდა¬ნის, დავალებით, ხელმძღვანელობს ხიხათა ციხისა და ეკლესიის მშენებლობას. 1233 წელს ტბელ აბუსერისძემ სწორედ ხიხათა წმ. გიორგის ეკლესიას მიუძღვნა ლიტურგიკული და სამეცნიერო-სასწავლო შინაარსის ძვირფასი ხელნაწერი კრებული, რომელიც ამჟამად კ. კე¬კელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული A-85 ნომრით.
ხიხათა ეკლესიის შემკობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მწერლის უფროსმა ძმამ, აბუსერ IV-მ. მისი ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა A-85 ხელნაწერი, რომელსაც ტბელ აბუსერისძე სიცოცხლის ბოლომდე თვითონ მოიხმარდა: «ესე ძლისპირნი და სტიქარონნი მე დავსხენ ამით ყოვლითა შემატებულითა და ვირე ცოცხალ ვარ, ოდესცა მინდან, მე მოვიჴმა¬რებ» - ნათქვამია A-85 ხელნაწერის «ანდერძში», რომლის ავტორია ტბელ აბუსერისძე.
ხვარაზმელთა შემოსევის გამო, 1225 წლიდან საქართველოს სამეფო კარმა თბილისიდან ქუთაისში გადაინაცვლა. რუ¬სუ¬დან დედოფალთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ საქართველოს კათა¬ლი¬¬კოსი არსენ ბულმაისიმისძე და სამეფო კარის ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი. ისინი გელა¬თის სავანეში დამკვიდრდნენ, რასაც ცხადყოფს არსენ ბულმაისიმისძის ეპისტოლე აბუსერ აბუსერისძისადმი: «ამით ებისტოლითა აბუსერის მომართითა ესევე არსენი აქებს, რომელი მოწერა გელათით ამათვე გალობათა თანა» - წერს ტბელ აბუსერისძე.
აღნიშნულ ეპისტოლესთან ერთად არსენმა ხიხანში გაგზავნა აბუსერის დაკვეთით დაწერილი საგალობლები, რომლებიც მარტყოფის ხელთუქმნელ ხატს ეძღვნება. ხელთუქმ¬ნე¬ლი ხატის ჰიმნოგრაფიულ ციკლში ერთიანდება ტბელ აბუსერისძის მეორე ძმის - ვარდან აბუსერისძის დაკვეთით შეთხზული საგალობლებიც: «მეოთხის გუერდნი გალობანი» (დაწე¬რი¬ლი არსენ ბულმაისიმისძის მიერ) და «გალობანი ქრისტეს განგებულებისანი» (დაწერილი საბა სვინგელოზის მიერ), რომლის აკროსტიქია «ქრისტე ღმრთის ხატო, მეოხ ექმენ ვარდანს». ცხადია, შუამავალი მეცენატ ძმებსა და გელათში მოღვაწე საეკლესიო იერარქებს შორის ტბელ აბუსერისძე იყო. საგულისხმოა, რომ არსენ ბულმაისიმისძემ ოთხი თვის (თებერვალ-მაისის) იამბიკური სვინაქსარი - იოანე პეტრიწის «ხუთთა თთუეთა» იამბიკური სვინაქსარის გაგრძელება - სწორედ მისი თხოვნით დაწერა.
გელათში ტბელ აბუსერისძის მოღვაწეობას გვიდასტურებს K-22 ხელნაწერიც, რომე¬ლიც შედგენილობით ენათესავება A-85 კრებულს, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ იწყება ტბელ აბუსერისძის საგალობლით («გალობანი სამთა იოვანეთანი»). ამ ორ ხელნაწერს შორის საერთოა სხვა მასალაც, კერძოდ, იოანე პეტრიწის, არ¬სენ ბულმაისიმისძის, იოანე შავთელისა და დავით აღმაშენებლის საგალობლები.
სავარაუდოდ, ტბელ აბუსერისძე უნდა გარდაცვლილიყო 1250 წელს. მისი სამუდამო განსასვენებელი ხიხათა საერისთავო უნდა გამხდარიყო, კერძოდ, თხილვანის იოანე მახარებ¬ლის ეკლესია.
«კლარჯული სვინაქსარში», დიდმარხვის მეექვსე (ბზობის) კვირის დასაწყისში შეტა¬ნი¬ლია ტბელ აბუსერისძის აღაპი (XVI ს.): «ამას დღესა აღაპი ტბელისა აბუსერისძისაჲ. ამისი შემცვა-ლებე¬ლიცა კრულია პეტრე მოციქულისა მადლითა».
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდ¬მა ტბელ აბუსერისძე წმინდანად შერაცხა. ხსენება «ღირსისა მამისა ტბელ გამომეტყვე¬ლისა (აბუსერისძისა)» დაწესდა 30 აგვისტოს (ძვ. სტილით 17 აგვისტოს). 2006 წლიდან სხალთის ხეობაში (ხიხანი, სხალთა, თხილვანა, ვერნები) აღინიშნება ტბელ აბუსერისძის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საეკლესიო დღესასწაული - ტბელობა.
ტბელ აბუსერისძის ორიგინალური შემოქმედება მოიცავს 5 თხზულებას: 1. «ახალნი სა¬ს¬წა-ულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი»; 2. «გალობანი სამთა იოვანეთანი»; 3. «გა¬ლო¬ბა¬ნი მწვალებელთა შეჩუენებისანი»; 4. «გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი»; 5. «ქრო¬ნი¬კონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა».



წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი



წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს, მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმინდა ზაქარია, ბარაქის ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურობდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1, 6), მაგრამ უნაყოფობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმინდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1, 15) და „პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1, 17). ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისათვის უტყვებით დაისაჯა, როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი დაწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1, 64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.

როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისაგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2, 16) - იმედოვნებდა, რომ სოფლის მაცხოვარიც მათ შორის იქნებოდა. ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მის ძეს. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23, 35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმინდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.



მოციქულთა სწორი თეკლა









წმიდა პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.

მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის - უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია - რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო.
დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე - ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.

თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა







წმიდა მახარებელი ლუკა




წმიდა მახარებელი ლუკა, გვიყვება რა თორმეტი მოციქულის გამორჩევას, ამბობს, რომ გამორჩევამდე მაცხოვარმა მთელი ღამე გაატარა მამა ღმერთისადმი თხოვნა-ვედრებაში, რადგან მოციქულთა გამორჩევით მან დადო პირველი ქვა წმიდა ეკლესიის დასაფუძნებლად. მას სურდა მოციქულებისთვისაც ესწავლებინა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ეკლესიის მსახურებისათვის გამორჩეული, საქმეს უნდა შედგომოდა ლოცვით, ღვთისათვის უნდა ეთხოვა, რათა ღირსეულად გამოეჩინა იგი. ასევე იქცეოდნენ ისინი მომავალში. - დადგა თუ არა დღე და მოუწოდა ათ-ორმეტთა მოწაფეთა თვისთა, - ისრაელთა თორმეტი ტომის რაოდენობით, რათა ახალი აღთქმისათვის გამორჩეულ ხალხსაც ჰყოლოდა თორმეტი სასულიერო წინაპარი და უწოდა მათ სახელად მოციქულები, ანუ წარგზავნილები, სახარების საქადაგებლად, ისინი ყველანი იყვნენ ისრაელნი, და არა წარმართნი, არც ელინები ან სხვა მოსულები, რადგან სწორედ აბრაამის შთამომავალთაგან უნდა გავრცელებულიყო ღვთის კურთხევა მთელ კაცობრიობაზე, და მიჰსცა მათ ხელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა, რათა განასხმიდნენ მათ და განჰკურნებნენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. მან მისცა მათ სასწაულების მოხდენის მადლი, რათა საკვირველი საქმეებით მათი ახალი სწავლებისადმი მიეპყროთ ყურადღება. - „როგორ განდევნიდნენ სულებს“ - კითხულობს წმ. ოქროპირი და პასუხობს: „მისი ბრძანებითა და უფლებით. შეხედე, როგორ დროულად აგზავნის მათ იგი, თავიდანვე კი არ გააგზვნა ისინი, არამედ მაშინ, როცა კარგა ხნის შედგომილნი იყვნენ, და ნანახი ჰქონდათ, თუ როგორ აღადგინა მან მკვდარი, ღელვა დააცხრო ზღვისა, განდევნა ეშმაკნი, განკურნა განრღვეული, შეუნდო შეცოდებანი, განსწმინდა კეთროვანი, როცა ისინი სიტყვითა და საქმით საკმაოდ დარწმუნდნენ უფლის უძლეველობაში, მხოლოდ მაშინ გააგზავნა ისინი არა სახიფათო საგმირო საქმეებზე, რადგან იმ ხანად არავითარი საფრთხე არ იყო პალესტინაში, არამედ მხოლოდ ხალხისაგან გაკიცხვა და ავადხსენება იყო მოსალოდნელი. მოკლედ, უფალმა მათ წინასწარ აუწყა განსაცდელებზე, რათა ადრევე მოემზადებინა ისინი“.

ადრე წმიდა მათეს აქვს აღწერილი პეტრესა და იოანეს თავიანთ ძმებთან ერთად მოწოდების შესახებ. ასევე საკუთარ გამორჩევაზე, ახლა კი საჭიროდ თვლის მოიხსენიოს თითოეული მოციქული სახელით, რათა გააფრთხილოს და დაიცვას მორწმუნენი სხვა ცრუ-მოციქულისაგან, როგორც აღნიშნავს, ნეტარი თეოფილაქტე: ხოლო ათ-ორ-მეტთა მათ მოციქულთა სახელები ასე არს: პირველად გამორჩევის დროის მიხედვითა და მოციქულთა შორის თავისი მდგომარეობით, სვიმონ, რომელსა ეწოდა თვით უფლისაგან პეტრე ანუ კლდე, მისი რწმენის სიმტკიცის აღსანიშნავად, და ანდრია, ძმა მისი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ფილიპე და ბართლომე, იგივე ნათანაილი, თომა ანუ დიდიმი, რაც ნიშნავს ტყუპისცალს, და მატთეოს მეზუერე, იგივე ლევი ალფესი, იაკობ ალფეზის ძმა, - წმ. ოქროპირი ამასთან შენიშნავს: „წმიდა მათე საკუთარ თავზე მაღლა აყენებს თომას, რომელიც მასზე ბევრად დაბლა იდგა“, - იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსაც ეწოდა თადეოს, იგი იწოდეგოდა კიდევ იუდა იაკობისად, იუდა ისკარიოტელისაგან განსხვავებით, სვიმონ კანანელი ალბათ ქალაქ კანას სახელის მიხედვით იხსენებოდა იგი, ანდა იმიტომ, რომ იყო კანონის მტკიცე დამცველი, ამიტომაც ბერძნულად მახარებლებთან იწოდება ზილოტად, რადგან სიტყვა კანანიტი ებრაულად ნიშნავს იგივეს, რაც ბერძნულადაა ზილოტი, მოშურნე, - და იუდა ისკარიოტელი. „მახარებელი მათე, - ამბობს წმ. ოქროპირი, ჩამოთვლის მოციქულებს არა ღირსებების მიხედვით, არამედ როგორც მოხვდა ისე; ამასთან, როცა მიდის გამცემელამდე, მასზე ამბობს არა როგორც უბრალო მთხრობელი; არ თქვა მან: საძაგელი და უსჯულო იუდა, ეს ბოროტმოქმედი, ეს ღვთის მტერი, არამედ მისი ქალაქის მიხედვით ისკარიოტელად მოიხსენია იგი. მაგრამ არ მოერიდა მასზე ამის თქმასაც: რომელმანცა განსცა იგი. ასე მახარებლები არასოდეს არაფერს მალავენ, იმასაც კი, რაც საძრახისი და გასაკიცხია“.


წმიდა პეტრე მოციქული

წმიდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია უფლის მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე, ანუ ებრაულად კეფა (კლდე) მას თვით უფალმა იესო ქრისტემ უწოდა მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

წმიდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან – ანდრიასთან და სხვა ახლადმოწოდებულ მოწაფეებთან ერთად აღარ განშორებია მას. უფალს გულწრფელობისათვის და უბრალოებისათვის უყვარდა პეტრე მოციქული. ერთხელ იგი სიმონის ღარიბულ სახლსაც ეწვია, სადაც ხელის შეხებით განკურნა მისი ციებ-ცხელებით სნეული სიდედრი.

პეტრე მოციქული არასდროს შორდებოდა უფალს, ყოველთვის მის გვერდით იყო და მარადის ტკბებოდა მისი ღვთაებრივი პირისახის ხილვითა და თაფლზე უტკბილესი სიტყვის მოსმენით. იგი უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულთმოქმედებისა, რომელნიც აშკარად მოწმობდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და პეტრესაც მთელი სულითა და გულით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სწამდა იგი.

პეტრე მოციქული მგზნებარე სიყვარულით იწვოდა უფლისადმი და ამიტომ ნატრობდა მის მუდმივ კეთილდღეობას, რათა არანაირი ბოროტება არ შეჰხებოდა იესოს და როცა უფალმა წინასწარ აუწყა მოწაფეებს თავისი მომავალი ვნების შესახებ, პეტრე თავისი უცნობლობით, შეეწინააღმდეგა უფალს და ასე უთხრა: ,,შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.” (მათე 16,22)

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები სათნო არ ეყო უფალს, რამეთუ იგი სწორედ იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ თავისი ვნებით წარწყმედისაგან გამოესყიდა ადამის მოდგმა, მაინც ისინი აღმოცენდებოდა მგზნებარე სიყვარულიდან იესო ქრისტესადმი და, გარდა ამისა, მათში საცნაური იყო პეტრე მოციქულის უბოროტობა, როცა უფლისაგან საყვედურით აღსავსე სიტყვა მოისმინა; ,,წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთა” (მათე,16,23), პეტრე სულაც არ გაღიზიანებულა და კი არ მიუტოვებია მაცხოვარი, არამედ მორჩილად და სიყვარილით მოისმინა მისი მკაცრი სიტყვები და ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ერთგულებით შეუდგა უფალს.

უფლის სხვა ორ მოწაფესთან – იაკობთან და იოანესთან ერთად წმიდა პეტრე მოციქული ღირსი გახდა უფლის ფერისცვალების დიდება ეხილა თაბორის მთაზე. როცა მოახლოვდა უფლის ნებაყოფლობითი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის დრო, წმიდა პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოამჟღავნა იესო ქრისტეს მგზნებარე სიყვარული და ერთგულება, როცა უთხრა მას: ,,უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკვდილად მისვლა” (ლუკა 23,33) და თუმცა შემდეგ ღმერთმა, თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვა პეტრე მოციქულის სამგზისი განდგომა უფლისაგან, მაგრამ წრფელი სინანულითა და ცხარე ცრემლთა ღვრით მან გამოისყიდა თავისი სისუსტე და შენდობაც მიიღო (მათე 26,69-75). წმიდა პეტრე მოციქულთაგან პირველი ღირს-იქმნა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხილვისა, როგორც ამას წმიდა ლუკა მახარებელი გადმოგვცემს: ,,ნამდვილად აღსდგა უფალი და ეჩვენა სიმონს” (ლუკა 23,34). ამასვე წერს წმიდა პავლე მოციქულიც: ,,ქრისტე აღსდგა მესამე დღესა… და ეჩვენა კეფას (პეტრეს) და მერმე ათორმეტთა მათ” (I კორ.15,4-5).

უფლის სამგზისი უარყოფა მღვდელმთავრის ეზოში წმიდა პეტრე მოციქულმა წარხოცა სამგზისი აღიარებით სიყვარულისა უფლისადმი, როცა მისს ამ ერთგვარ შეკითხვაზე სამგზისვე ერთგვარად უპასუხა: `სიმონ იონაისო, გიყუარ მეა? _ ,,ჰე, უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენა” (იოანე 21,15-17) და ქრისტე მაცხოვარმაც სამოციქულო ღირსებაში აღადგინა პეტრე, დაადგინა რა იგი სიტყვიერ ცხოვართა მწყემსად და მიანიჭა რა მას კლიტენი ცათა სასუფევლისა.

პეტრე მოციქული ქადაგებდა და განამტკიცებდა ქრისტიანობას სიტყვით და საქმით, რის გამოც ნერონმა (რომის იმპერატორი) განიზრახა მისი შეპყრობა. მორწმუნეთა თხოვნით პეტრე მოციქულმა გადაწყვიტა რომის დატოვება. ის იყო ქალაქის კარიბჭე განვლო, რომ მის შესახვედრად მომავალი უფალი იესო ქრისტე დაინახა, თაყვანი სცა მას და ჰკითხა:
- ,,ვიდრე ჰხვალ,უფალო?”
-,,რომს მივალ, რათა ჯვარს ვეცვა!” – მიუგო უფალმა და უმალ უხილავი შეიქმნა.

პეტრე მიხვდა, რომ უფალს ენება მის სხეულში ხელმეორედ ვნებულიყო რომში, ამიტომ იგი მაშინვე უკან დაბრუნდა, სადაც შეპყრობილ იქნა კიდეც.

პეტრეს, როგორც არა რომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა სთხოვა, თავდაყირა გადმომკიდეთო, რადგან ღირსად არ მიაჩნდა თავი უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. სიკვდილის წინაც ქადაგებდა მაცხოვრის სიტყვას და მადლობდა უფალს მოწამეობრივი ხვედრის გამო.

ასე აღესრულა უფლის დიდი მოციქული, წმიდა პეტრე, ქრისტეს შობიდან 67 წლის 29
ივნისს.



თომა მოციქული

სულიწმის გარდამოსვლის შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. მას რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში - პართა, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგორი ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს. წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა როცა †48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ გეთსიმანიის ბაღში სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი . ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველისაც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.