21 июн. 2011 г.

მართლმადიდებლური ტაძრები


ბეთანიის მონასტერი
მონასტრის მთავარი ტაძარი



ბეთანიის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით. იგი დაარსებულია ქართლის ერისთავების ორბელიანების მიერ, როგორც საგვარეულო საძვალე. მონასტრის მთავარი კარიბჭე მთავარი ტაძარი მონასტრისა, აგებულია ღმრთისმშობლის შობის პატივად, VII საუკუნეში. თავდაპირველად ტაძარი ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნებოდა, ხოლო XII საუკუნეში - თამარ მეფის მეფობის დროს - დაემატა გუმბათი. სავარაუდოა, რომ მოხატულობაც თამარის თანადროული უნდა იყოს. იმავე დროს ტაძრის დასავლეთით, მიშენებული იქნა სტოა, რომელიც XX საუკუნეში იკურთხა, როგორც ტაძარი, თამარ მეფის სახელზე.
1119 წელს, აშენდა ბაზილიკური ტიპის ტაძარი, წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივად. ამ მომცრო ტაძარს დასავლეთის გარე ფასადზე ამშვენებს ასომთავრულით შესრულიბული, ქვაში ამოკვეთილი წარწერა: "ქრისტე ღმერთო დიდებულო თანაზიარებული რომელი ჯვარი უპატიოსნეს მყო რ-თისა (- ქარაგმაა ბ.ბ.) პატრონმან ეჯიბი მამალაისძე. მოვუდრიკენ თავი უზეშთაეს *** (*** ნიშნავს არ იკითხება ბ.ბ.) მოვიღე თანასაფასი წინაშე თქუენსა [თარიღი]". ამ წარწერით ირკვევა, რომ ეს მომცრო ბაზილიკა აშენებულა ეჯიბი მამალაისძის მიერ, ვინაიდან ქვა, რომელშიც ამოკვეთილია წარწერა, ბაზილიკის თანადროულია და არ არის შემდგომ ჩამატებული.
XIX საუკუნეში მონასტერი რესტავრირებული იქნა მღვდელმონაზონ სპირიდონის (კეთილაძე) მიერ. 1922 წელს მღვდელმონაზონმა სპირიდონმა წინამძღვრობა მღვდელმონაზონ ილია ფანცულაიას გადააბარა. 1924 წელს კომუნისტურმა მთავრობამ, როგორც სხვა ბევრი მართლმადიდებელი ღმრთისმსახური, ციხეში დახვრიტა მღვდელმონაზონი სპირიდონი.
მღვდელმონაზონ სპირიდონის შემდეგ, მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა, მღვდელმონაზონმა ილიამ (ფანცულაია). 1924 წელს, მღვდელმონაზონმა ილიამ წინამძღვრობა გადააბარა, მღვდელმონაზონ იოანეს (მაისურაძე), თვითონ კი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში გადავიდა. იგი გახლდათ სულიერი მოძღვარი თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა. მას შემდეგ, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დატოვა საქართველო, ილია
გიორგი-იოანე აღმსარებელი
და იოანე აღმსარებელი


ფანცულაიას ეძებდნენ, რის გამოც იგი იძულებული იყო დამალულიყო. მოგვიანებით (30-იან წლებში), მღვდელმონაზონი ილია, დააპატიმრეს და დახვრიტეს კომუნისტებმა.
გიორგი-იოანე აღმსარებელი
და იოანე აღმსარებელი

მონასტრის წყარო

ბოლშევიკური მთავრობის დროს, როცა საქართველოში არცერთი მონასტერი არ მოქმედებდა, ბეთანიის მონასტერი შეინარჩუნა ორმა არქიმანდრიტმა - არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) და არქიმანდრიტმა გიორგიმ (მხეიძე) (შემდგომში სქიარქიმანდრიტი იოანე). ისინი დასაფლავებული არიან მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით.
საქართველოს ეკლესის წმინდა სინოდმა, 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის კრებაზე, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე), ათეისტურ პერიოდში, საქართველოს ეკლესიაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის, წმინდანთა დასში შერაცხა, როგორც: იოანე აღმსარებელი და გიორგი-იოანე აღმსარებელი. წმ. იოანე აღმსარებლის და წმ. გიორგი-იოანე აღმსარებლის ხსენების დღედ დაწესდა 8 სექტემბერი (ახ. სტილით 21 სექტემბერი).
როდესაც სქიარქიმანდრიტმა იოანემ (მხეძე), მიაბარა სული უფალს, მონასტრის ძმობა დაიფანტა და მონასტერი მიტოვებული იქნა, ვიდრე არქიმანდრიტმა იოანემ (შეყლაშვილი) 1978 წელს არ განაახლა მასში ბერმონაზვნური ცხოვრება. თავდაპირველად მამა იოანეს (შეყლაშვილი) მარტოს უწევდა მონასტრის სიმძიმის ზიდვა, შემდგომში კი, მის გარშემო ნელ-ნელა შემოიკრიბა ძმობა და ბეთანიამ კვლავ მონასტრული იერსახე მიიღო და აღზარდა არა ერთი მოძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), არქიმანდრიტი გიორგი (ბარიშვილი) და სხვა.
1990 წელს მოიხატა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) მიერ. ხოლო 1992 წელს სამონასტრო კომპლექსს დაემატა საცხოვრებელი კორპუსი და სატრაპეზო. სატრაპეზო მოიხატა იმავე წელს, შოთა ცხვიტავას მიერ.
მთავარი ტაძარი. ჩრდილოეთის კედელი.
მარცხნიდან: ლაშა გიორგი IV, წმ. თამარი, გიორგი III

დღეს-დღეობით ბეთანიის მონასტერი ცხოვრობს ჩვეულებრივი ზოგადსაცხოვრებელი რითმით. მასში კვლავ აღევლინება წირვა ლოცვა







 ანჩისხატის ტაძარი       




ისტორია: XX საუკუნის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძარში აღმოაჩინეს ქვის ორი ფილა (ამჟამად ისინი ტაძრის დასავლეთ ფასადშია ჩასმული), რომლებზეც „ჯვრის ამაღლების“ რელიეფთან ერთად V-VI საუკუნეების ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეცნიერებმა აღდგენილი წარწერა ასე წაიკითხეს: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“. ეს წარწერა ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომლის შესახებაც XI საუკუნის ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში ნათქვამია: „თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს“. ეს ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანისთანავეა აგებული, როცა ქართლში ვახტანგ გორგასლის შვილი, დაჩი უჯარმელი მეფობდა.

ანჩისხატის ეკლესია იმ ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობა გახლავთ. ტაძარი ტუფის თლილი ქვებით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ადრეული საუკუნეების არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს და მხატვრული გადაწყვეტით ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლს - ბოლნისის სიონს - უახლოვდება. ტაძარმა თხუთმეტსაუკუნოვან ქარტეხილს გაუძლო და ჩვენამდე მრავალჯერ აღდგენილმა და გადაკეთებულმა მოაღწია.

აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ხანგრძლივი ომის შედეგად თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო. ამ დროს ტაძარი ისე დაზიანებულა, რომ 634 წელს ქართლის კათოლიკოს ბაბილას ლამის თავიდან აუგია. ამავე დროს აუშენებიათ მის მახლობლად სასახლეც, რომელშიც „მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათვის“ რეზიდენცია გადაუტანიათ. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი, ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ. საისტორიო წყაროებში „მარიამწმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად, მოიხსენიება.

1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (1555 წელს კლარჯეთი ოსმალთა ხელში გადავიდა და VI საუკუნეში დაარსებული ანჩის საეპისკოპოსოც გაუქმდა). ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი - ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია - შერჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი - ანჩისხატის ეკლესია.

კათოლიკოს დომენტის ლოცვა-კურთხევით დაზიანებული ტაძარი კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ - აგურის წყობით შეუვსიათ კედლების ჩამონგრეული ზედა ნაწილები, ტაძარში აღუმართავთ აგურის მრგვალი ბოძები და მათზე დაყრდნობილი თაღები. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XVII საუკუნეში აგებული აგურის ორსართულიანი სამრეკლო. იგი ტაძრის გალავნისა და ქუჩის ორგანული ნაწილია, ხოლო ეკლესიის ეზოში ჩასასვლელ კარიბჭეს პირველი სართული წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთ ფასადში ჩასმულია მართკუთხა ფილა მხედრული წარწერით: „ჩუენ, ქრისტესმიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ტნიგ“ (1675).

1683 წელს ეკლესია მოხატეს ნიკოლოს კათალიკოსის მეთაურობით. XVII საუკუნეში წარმოიშვა ტაძრის შემოგარენის სახელწოდებაც - „ანჩისხატის უბანი“. თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა პირველად ამ უბანში შედიოდა. მის მთავარ (ახლანდელი შავთელის) ქუჩას ჯერ წყლისკარის, შემდეგ ანჩისხატის, XIX საუკუნეში კი მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა.

გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშნველოვანი ცენტრი გახდა. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა. XVII საუკუნეში სამცხიდან ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა შესანიშნავი კალიგრაფის - ალექსი-მესხიშვილების - დინასტიან ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე სემინარიის შენობას ასეთი ასომთავრული წარწერა ჰქონდა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე - ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა, 1755 წლის 9 იანვარს“. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.

სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს.

ანჩისხატის ეკლესიას რესტავრაცია 1958-64 წლებში ჩაუტარდა (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი). უპირველეს ყოველისა ტაძარს მოაშორეს XIX საუკუნის გუმბათი და ტლანქი სამრეკლო. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავდა თვით ტაძარიც. გამოვლინდა მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც დომენტი კათოლიკოსის დროს ჰქონდა.

ათას ხუთასი წლის ანჩისხატის ეკლესია დღესაც მოქმედია.





 ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია  




 მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.
 
                                                                 ========
           მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:

„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი - წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

„დიდება დიდ ლომისასაო“, - დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, - უპასუხებენ ისინი... შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:

„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.

ამინ!





 ხახულის მონასტერი 




ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).                  


დაარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკომონიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
                                                               
                                             
ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ "ნავად" იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოებული თითო სატავსია. ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი შემკულია გრეხილი შეწყვილებული ლილვებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალუღად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული თაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაძარი უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთი მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა). შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.




                                        არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია


 არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია  - არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - დგას მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ-ზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე.

აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა.

ეკლესიის კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე - რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი, კედლები.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2 ხ 8,2 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე გაშლილია: განიერი საკურთხეველი და მის წინ ბემა კიდევ უფრო ზრდის სივრცეს. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ორი.

ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

კარიბჭეს (3,6 ხ 5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა.

მინაშენი (10,8 ხ 3,2 მ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა; სამხრის მხარეს კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადთან ამოყვანილ ვიწრო (0,27 მ) კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში - ორი.

საძვალე (3,7 ხ 3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართვ. სახელმწ.მუზეუმში). წარწერა ეკლესიის თანადროულია. პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ოსტატი პირების მოხედვით იგი 1150-78 წწ-ით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული XII ს-ის II ნახ-ში.

ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს-ში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულის(მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია. მეორე სართული - რვაწახნაგა ფანჩატური რვა ღია თაღით გადახურულია კამარით. მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ.






   
                                             ოშკი (ტაო კლარჯეთი)                                    
  ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი (დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები.

ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეულია სწორკუთხა მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.


                                                     
ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია 5 დეკორატიული თაღის განმეორებადი კომპოზიცია - აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახელება. გამოსახული არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული.
                                             
რელიეფების უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია.

ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მიუხედავად იუნესკოს დაცვისა ტაძარს დღემდე "ამშვენებს" დას.-დან მიშენებული სოფლის საზოგადოებრივი ტუალეტი, აღმ.-დან კი-საბძელი.

სამწუხაროდ ტაძარი დღემდე დაუცველია და მუდმივად იძარცვება (მაგ. 2006 წელს გაქრა ტაძრის სამხ.-აღმ. ფასადის ბარელიეფი.)

მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.

Комментариев нет:

Отправить комментарий