3 дек. 2011 г.

წმინდა მამათა სასწაულები

ასურელ მამათაგან ყველაზე მეტი სასწაული შიო მღვიმელის სახელს უკავშირდება. ამ სასწაულთა ნაწილი მის ცხოვრებათა რედაქციებშია აღწერილი, ნაწილი კი ბასილი კათალიკოსის თხზულებაში, რომელიც შიოს სასწაულების შესახებ მოგვითხრობს. ამ წყაროებში აღწერლია როგორც შიოს მიერ ცხოვრებაში აღსრულებული სასწაულები, ასევე გარდაცვალების შემდეგ: 1. როდესაც ქართლში მოსული იოანე და მისი მოწაფეები მცხეთიდან ზედაზნის მთისაკენ მიემართებოდნენ, მათ არაგვი უნდა გადაეკვეთათ. მაისი იყო და მდინარე ძლიერ ადიდებულიყო. იოანეს ბრძანებით შიომ ლოცვა დაიწყო, მოიდრიკა მუხლები, ჯვარი გარდასახა მდინარეს და უბრძანა გაჩერება. მართლაც შეაჩერა მდინარემ სვლა და გაატარა იოანე და მისი მოწაფეები. 2. მხეცები თავს ესხმოდენ სახედრებს, რომლებიც მონასტრის ბერებს ჰყავდათ წყლის და საზრდოს მოსატანად ახლომახლო მიდამოებიდან. ძალიან შეწუხდენ ბერები და დაიჩივლეს შიოსთან. შიომ ლოცვა აღავლინა, მოუხმო იმ უდაბნოს მხეცებს და ქრისტეს სახელით უბრძანა მათ ხეობის დატოვება. დაემორჩილენ მას მხეცები და წავიდნენ სხვა ადგილას. მხოლოდ ერთი მგელი დაიტოვა შიომ და სახედართა მწყემსად დაადგინა, რომ მგლების მიერ მიყენებული ზიანი ეზღვევინებინა. დაემორჩილა მას მგელი და ყოველ დილას მიერეკებიდა სახედრებს საძოვარზე, მწყემსავდა მათ და საღამოს მოერეკებოდა უკან მონასტერში. ის ბერების საკვებით იკვებებოდა (პურითა და წყლით). (ერთი წყაროს თანახმად მგელმა ამგვარ მსახურებაში 6 წელი გაატარა). ერთ დღეს ერთ-ერთი ბერის, კონონის სახედარი კლდიდან გადაიჩეხა და მგელმა საღამოს რომ მორეკა სახედრები, ეს ერთი აკლდა. კონონს კი ეგონა, რომ მგელმა შეჭამა მისი სახედარი, მოვიდა შიოსთან და უსაყვედურებდა მას მგლის დადგინებას სახედართა მწყემსად. მგელი კი წკმუოდა, გორავდა მოწაზე, თავის გამართლებას ცდილობდა და კალთაზე (კვერთხზე) ექაჩებოდა კონონს, რომ წაჰყოლოდა მას. შიომ უბრძანა კონონს მგელს გაჰყოლოდა და ორი სხვა ძმაც გააყოლა თან. მიიყვანა ისინი მგელმა ხევთან და უჩვენა გადაჩეხილი სახედარი. მაშინ შეინანა კონონმა ცილისწამება, მივიდა შიოსთან და შენდობა სთხოვა. შიომ კი გაუშვა მგელი სხვა მხეცებთან. მას შემდეგ მგლები აღარ ერჩოდნენ მონასტრის პირუტყვს. 3. ერთ მთავარს ბრძოლაში თვალი ისრით დაუზიანდა. მოვიდა იგი შიოსთან, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა. 4. შიოსთან მოდიოდნენ ეშმაკები, აცთუნებდნენ მას სხვადასხვა ხილვებით, თავს ესხმოდნენ, მხეცთა და ქვეწარმავალთა სახეს იღებდნენ და აშინებდნენ, ხოლო შიომ ლოცვას აგრძელებდა, შემდეგ კი გამოვიდა გამოქვაბულიდან და ქრისტეს სახელით გააგდო ისინი. 5. ერთ ბერს შორიდან მოჰქონდა წყალი. როდესაც მოვიდა მონასტერში, ფეხი დაუცდა, გაუტყდა კოკა და წყალი დაეღვარა. და დაიწყო ტირილი. შეებრალა შიოს ბერი, მიიხედა და დაინახა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იქვე კვერთხით თხრიდა კლდეს. შიომ ანუგეშა მტირალი ძმა და მაშინვე ამოხეთქა წყარომ. 6. როდესაც გამრავლდენ შიოსთან მოსული ბერები, მათ ეკლესიის აშენება მოისურვეს. შიოს ბრძანებით ავიდნენ ყველანი მთაზე, რომლის ძირშიც იყო შიოს გამოქვაბული, და ლოცულობდენ, რომ უფალს მიეთითებინა ადგილი ეკლესიის ასაშენებლად (წყაროთა ერთი ნაწილის მიხედვით მხოლოდ შიო და ევაგრე ადიან მთაზე, რადგან შიომ იცის, რომ მალე გაიზრდება ბერთა რიცხვი). და მოატანინა შიომ ნაკვერცხალი, დაიდო ხელისგულზე, დაასხა საკმეველი და აკმია. კვამლი სვეტივით ზემოთ ავიდა, შემდეგ მოიდრიკა თაღივით და ჩაეშვა ხევში. ჩავიდნენ შიო და სხვა ბერები ხევში და ნახეს იქ მღვიმე, რომლის თავზეც იდგა სურნელოვანი კვამლის სვეტი. და იქ ბრძანა შიომ ეკლესიის აშენება (ერთი წყაროს მიხედვით - იოანე ნათლისმცემლის სახელზე). ხოლო შიოს ორი საათის განმავლობაში ნაკვერცხალი ხელზე ედო და ხელი არ დასწვია. იგივე სასწაული გაიმეორა შიომ (ხელისგულზე ნაკვერცხალი დაიდო და საკმეველი აკმია), როდესაც იოანემ მას წილკანში უხმო. 7. როდესაც შიო მღვიმეში იჯდა, მივიდა მასთან ერთი წყალმანკით სნეულკი კაცი, დავარდა ზემოდან მღვიმეზე და მთელი დღეების განმავლობაში უხმობდა შიოს. მონასტრის ბერები ცდილობდნენ მის დადუმებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. კვირა დღეს ჩავიდა შიოსთან მღვიმეში ევაგრე, უამბო ამ სნეული კაცის შესახებ და სთხოვა წმ. ბერს ელოცა მისი განკურნებისათვის. შიომ მიუგო, რომ იგი თავად ცოდვილია, ხოლო ღმერთს ვისაც სურს, განჰკურნავს. ევაგრემ არაფერი უპასუხა, გაფერთხა შიოს ქუდი და იდუმალ წამოიღო მისი თმის სამი ღერი იმ რწმენით, რომ მათი მეშვეობით განიკურნებოდა სნეული. როდესაც ამოვიდა ევაგრე მღვიმიდან, ვერ იპოვნა ის კაცი მღვიმესთან, გავიდა გარეთ და დაინახა იგი მოშორებით, უკვე განკურნებული. ჰკითხა ევაგრემ, თუ როგორ განიკურნა იგი, ხოლო კაცმა შემდეგი ამბავი უამბო: როდესაც ევაგრე ჩასული იყო მღვიმეში, მოვიდა მასთან ჭაბუკი, რომელმაც მას მისცა შიოს სამი ღერი თმა და უბრძანა მათი პირში ჩადება. სნეული კაცი ასეც მოიქცა და მაშინათვე განიკურნა. მაშინ ევაგრემ გაშალა ხელი და დაინახა, რომ შიოს თმის ღერები ხელში აღარ ეჭირა. 8. ერთი კაცი, რომლის ბრმა ვაჟიც შიოს განკურნებული ჰყავდა, მიდიოდა შიოსთან მონასტერში და თან მოჰყავდა სანოვაგით დატვირთული ორი სახედარი მონასტრის კრებულისათვის. შემოაღამდა უდაბურ ადგილას და თავს დაესხნენ ავაზაკები, წაართვეს სახედრები და დაუჭრეს მონები, თვითონ კი გამოქცევა მოახერხა. გამთენიისას წამოეწიენ მონებიც. კაცმა შიოს შესთხოვა, რომ მას ეზრუნა მონასტერში ევლოგიად წასაღებ შესაწირზე, თვითონ კი განაგრძო გზა მონასტრისაკენ. ხოლო ღმერთმა ავაზაკებს დაუბნელა გონება და ისინი მონასტერთნ მოვიდნენ, თუმცა ეგონათ, რომ თავიანთ სახლებში მიდიოდნენ. და წაართვა მათ ღმერთმა მხედველობა. დასხდენ ავაზაკები გზის პირას უსინათლონი. მოვიდა კაცი მონასტერთან და დაინახა თავისი ორი სახედარი ტვირთით და იქვე მჯდომარე დაბრმავებული ავაზაკები. უამბეს ავაზაკებმა კაცს, რომ იხილეს მოხუცებული მონაზონი, რომელმაც შეჰბერა მათ თვალებში და წაერთვათ მხედველობა. და სთხოვდენ კაცს, რომ არ დაეტოვებინა ისინი მარტონი უდაბნოში. მაშინ მორწმუნე კაცმა მიიყვანა ისინი მონასტერში და უამბო ევაგრეს მათი ამბავი. ევაგრემ კი შეკრიბა მონასტრის კრებული და ყველას უამბო ეს სასწაული. შეინანეს ავაზაკებმა და ითხოვესს შიოსგან შეწყალება. კვირა დღეს ჩავიდა ევაგრე შიოსთან მღვიმეში, მაგრამ განზრახ არაფერი უთხრა ავაზაკთა შესახებ. შიომ კი მისცა მას კვერთხი და უბრძანა შეეხო დაბრმავებულ ავაზაკთა თვალებისთვის და განიკურნებიოდნენ. ევაგრე ესეც მოიქცა და განიკურნენ ავაზაკები. ისინი დაბრუნდნენ თავიანთ სოფელში, ადიდებდნენ ღმერთს და ყველას უამბობდნენ შიოს მიერ აღსრულებული სასწაულის შესახებ. 9. ქართლის მთავარი სტეფანოზ ერისთავი შიომღვიმის მონასტერში მივიდა თაყვანისსაცემად და კათალიკოს ბართლომესაც მოუწოდა იქვე მოსულიყო მასთან ერთად. შიო იმხანად უკვე გარდაცვლილი იყო. მონასტრის ბერებმა უფრო დიდი პატივი მიაგეს კათალიკოსს, ვიდრე სტეფანოზ ერისთავს. შეურაცხყოფილმა და განრისხებულმა სტეფანოზმა ნაბოძები მიწები (`ორი აგარაკი~- მამული) წაართვა მონასატერს. ღამით გამოეცხადა სტეფანოზს შიო ოქროს კვერთხით ხელში, და უბრძანა მონასტრისათვის მამულების დაბრუნება. მეორე ღამეს იგივე ხილვა განმეორდა – ამჯერად ბერს ხელში კვერთხი და ჯვარი ეჭირა. მესამე ღამესაც გამოუჩნდა შიო სტეფანოზს და ურჩებისა და დაუმორჩილებლობისათვის უბრძანა დამატებით კიდევ ორი აგარაკი (მამული) შეეწირა მონასტრისათვს წართმეულთან ერთად. გაღვიძებულმა სტეფანოზმა შეშფოთებულმა დაუბრუნა მონასტერს ორი წართმეული აგარაკი, მაგრამ ორი ახალი აღარ შეუწირავს. ამის შემდეგ მას კვლავ გამოეცხადა შიო და დაემუქრა, რომ დასჯიდა მას და მის ოჯახს. ასეც მოხდა. სტეფანოზს და მის ცოლ-შვილს თავალისჩინი წაერთვათ და გონება დაუბნელდათ, ისინი ცოფიანებივით იქცეოდენ, ყვიროდენ და ერთმანეთზე საკბენლად მიიწევდენ, ისე რომ დიდებულები მათ ხელით აკავებდნენ. შეკრულები წაიყვანეს ისინი შიომღვიმის მონასტერში. მონასტრის ბერებმა კი მიიყვანეს ისინი შიოს საფლავთან და ილოცეს მათთვის. შემდეგ აიღო მონასტრის მამასახლისმა მტვერი შიოს საფლავიდან, ჩაყარა სასმისში და დააელვინა სტეფანოზს და მის ცოლ-შვილს. და დაუბრუნდათ მათ გონება. მაშინ სტეფანიოზმა დააწერინა ქარტა, რომლითაც უბოძა მონასტერს ორი საუკეთესო დაბა, დადო ეს საბუთი შიოს საფლავზე და სთხოვა მას შეწყალება. დიდი ხნის ლოცვის შემდეგ მამასახლისმა იოანემ განბანა წყლით შიოს კვერთხი და ამ წყლით მობანა თვალები სტეფანოზს და მის ცოლ-შვილს. და დაუბრუნდათ მათ მხედველობაც. ამის შემდეგ სტეფანოზმა მთელ ქართლში გაათავისუფლა ეკლესიები ხარკისაგან და პატივისცემით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. 10. როდესაც ქართლი არაბებმა დაიპყრეს, მთავარსარდლის ბრძანებით ორის სარდალი – უმარი და ბურული, მტკვრის გადაღმა გაემართნენ დასაზვერად. როდესაც სოფელ ციხედიდს მიუახლოვდენ, დაინახეს კლდეებში გამოკვეთილი გამოქვაბულები და გადაწყვიტეს ამ სიმაგრის აღება. ჩავიდნენ მტკვარში, მთელი დღე იარეს, მაგრამ ერთ ადგილს ვერ გასცდენ. ამ სასწაულით გაოცებულმა სარდლებმა ერთი ქართველი ტყვისაგან შეიტყვეს, რომ იმ გამოქვაბულებში წმინდა ბერები ცხოვრობდნენ, შიოს მიმდევარნი. ბანაკში დაბრუნებულმა სარდლებმა მთავარსარდალს უამბეს ამ სასწაულის შესახებ, ხოლო მან ერთ-ერთი მათგანი, უმარი, უკან გაგზავნა მონასტერში მდიდრული შესაწირავით. როდესაც მიუახლოვდა უმარი მონასტრის შესასვლელს, დაინახა ჰაერში მიმომავალი დიდი ჯარი, რომელიც მონასტერს იცავდა წმინდა მოხუცი ბერის მეთაურობით. უთხრა მათ უმარმა, რომ მშვიდობით არის მოსული და გადასცა შესაწირი. ხოლო თვითონ, ამ სასწაულის მხილველმა, აღუთქვა, რომ აღარასოდეს ავნებდა ეკლესიას და მოინათლებოდა. ერთი თვის შემდეგ ის მართლაც დაბრუნდა მონასტერში, მოინათლა და სქემა შეიმოსა. მას ნეოფიტე უწოდეს. შემდგომში იგი ურბნისის ეპისკოპოსი გახდა და მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო. 11. ერთ მდიდარ და წარჩინებულ კაცს, სახელად გიორგის, ბერწი ცოლი ჰყავდა და შვილი არ უჩნდებოდა. და ევედრებოდნენ ისინი ღმერთს, რომ მიეცა მათთვის შვილი. ერთხელ წავიდა გიორგი შიომღვიმის მონასტერში ამაღლების დღესასწაულზე. ხოლო რადგანაც მოახლოებული იყო შიოს ხსენების დღე, დააყოვნა იქ რამდენიმე დღე. როდესაც დადგა შიოს ხსენების დღე, მოვიდა მისი ცოლიც მონასტრში, მივიდა შიოს გამოქვაბულში, მონასტრის გალავნის გარეთ, სადაც წმ. ბერი თავდაპირველად მოღვაწეობდა, და გაატარა იქ ღამე ლოცვაში. და ევედრებოდა ღმერთს შვილის ბოძებას. ხოლო მისმა ქმარმა არაფერი იცოდა ცოლის მოსვლის შესახებ და ძაძით მოსილი იდგა მღვიმესთან, სადაც არის შიოს საფლავი, და ევდრებოდა წმ. შიოს. მიეძინა ლოცვაში და ძილში ჩაესმა ხმა, რომელიც უბრძანებდა წასულიყო შიოს გამოქვაბულში, მონასტრის კარიბჭის გარეთ, და იქ ელოცა. ადგა გიორგი და წავიდა, მაგრამ ჭიშკარი დახშული დახვდა. გააღვიძა მეკარე, მოიმიზეზა რაღაცა და გავიდა გარეთ. გამოქვაბულში მისულმა თავისი ცოლი ნახა, მაგრამ ვერ იცნო, რადგან ბნელოდა. ქალმაც ვერ იცნო ქმარი, რადგან კაცს ძაძა ემოსა და ცოლს მონასტრის ბერი ეგონა. ასე ლოცულობდნენ გვერდიგვერდ. შემდეგ გავიდენ ორივენი გარეთ, შორიშორ დაწვნენ და დაიძინეს. ხოლო კაცს გამოეცხადა ძილში შიო და უბრძანა მძინარე ქალთან დაწოლა, თუ შვლის ყოლა სურდა, მაგრამ კაცს ეს ხილვა ეშმაკის ცთუნება ეგონა. მეორედ და მესამედაც გამოეცხადა შიო ხელში ჯვრით და იგივე უბრძანა. მაშინ ადგა კაცი ცრემლების ღვრით და სირცხვილით დაწვა მძინარე ქალთან. ხოლო ქალს ღმერთმა მტკიცე ძილი გამოუგზავნა და როდესცა თანა-ეყო მას კაცი, მხოლოდ მას შემდეგ გაიღვიძა და დაიყვირა. კაცი გაიქცა შეშინებული, რომ ქალის მცველებს არ დაეჭირათ, შევიდა მონასტრის ჭიშკარში, და გოდებდა საქორწინო სარეცლის შეგინების გამო. ხოლო ქალი ასევე შეწუხებული და შერცხვენილი მაშინათვე წავიდა სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა სახლში გიორგიც. და ერიდებოდა ცოლის საწოლს. ხოლო რამენიმე თვის შემდეგ ქალმა აღმოაჩინა რომ ფეხმძიმედაა და სირცხვილით და ცრემლით გამოუტყდა ქმარს, თუ რა შეემთხვა. მაშინ ქმარმაც უამბო თავისი ამბავი, განიხარეს ორივემ ამ სასწაულის გამო და მადლობდნენ ღმერთს. ხოლო იმავე ღამეს გამოეცხადა Cორივეს ძილში შიო და უთხრა, რომ ეყოლებოდათ მათ ძე, რომელსაც უნდა უწოდონ იოანე და ღმერთს შესწირონ, რადგან გამოირჩია იგი ღმერთმა. მართლაც შეეძინათ მათ ვაჟი, რომელსაც უწოდეს იოანე და ათი წლისა რომ შეიქმნა, მიიყვანეს შიო მღვიმის მონასტერში და შეჰვედრეს ღმერთს. და ეს ყრმა გახდა იოანე ქართლის კათალიკოზი. 12. შიოს ხსენების დღეს მრავალი ადამიანი შეკრებილიყო მოსნასტერში, მათ შორის იყო მეფე და სარმიანე კათალიკოსიც. ვიღაც თბილისიდან მოსული ეგვიპტელი იაკობიტებმა კათალიკოსს თავიანთი ქვეყნიდან მოტანილი ძღვენი მიართვეს, მისგან კურთხევა მიიღეს და ზიარება სთხოვეს. ხოლო კათალიკოსმა არ იკითხა მათი აღმსარებლობა და ჟამისწირვაზე თავისი ხელით აზიარა. და იმავე დღეს დაბრუნდა მცხეთაში. ღამით სიზმარში გამოეცადა მას ორი წმინდა კაცი - ერთი მღდელმთავარი და ერთი მონაზონი ოქროს კვერთხით, რომელზეც ჯვარი იყო. შემოსძრაცვეს სარმიანეს ზეწარი და მღდელთმთავარი თვალს მიეფარა, ხოლო მონაზონმა განრისხებულმა უთხრა, რომ ასე განძარცვულია სარმიანე ღვთის მადლისაგან, რადგანაც ძღვენით მოხიბლულმა, იაკობიტები აზიარა. სარმიანემ ჰკითხა მოხუცს ვინაობა და მან უპასუხა, რომ თავად არის შიო, ხოლო მღვდელთმოძღვარი იყო კირილე ალექსანდრიელი. შეშინებულმა სარმიანემ გამოიღვიძა და მოიწვია ეპისკოპოსთა კრება. კრებამ გადაწვიტა დაეწვათ ეგვიპტელთა ძღვენი ქალაქის გალავნის გარეთ, ეპისკოპოსებს მცხეთაში ელოცათ სარმიანესთვის, ხოლო მას თვითონ შიოს საფლავთან მოენანიებინა ცოდვა. ასეც მოიქცნენ. მივიდა სარმიანე შიოს საფლავთან და ლოცულობდა და ინანიებდა ცოდვას. და მარტვილიის კვირის ღამეს დაესიზმრა, რომ მიიყვანეს გოლგოთასთან, სადაც იყო ჯვარცმული მაცხოვარი. იქვე მივიდნენ კირილე ალექსანდრიელი და შიოც და ევედრებოიდნენ ქრისტეს სარმიანეს შენდობას, ხოლო უფალმა მათი ხათრით შეუნდო სარმიანეს. მაშინ მოვიდა ეს ორი წმ. მამა სარმიანესთან და შემოსეს მას ზეწარი. განთიადზე კი მოვიდა სარმიანესთან ფილიპე ეპისკოპოსი და აცნობა, რომ ხუთ სხვადასხვა ეპისკოპოსს გამოეცხადა შიო და აცნობა, რომ სარმიანეს მიეტევა ცოდვა. მაშინ სარმიანემ ღმერთს მადლობა შესწირა და განაჩინა, რომ ერთი კანდელი და ერთი სანთელი დაუშრეტელად ენთოს წმ. შიოს საფლავზე. შიოს ბიოგრაფიისათვის ძირითად წყაროებს წარმოადგენს მისი ცხოვრების 5 განსხვავებული რედაქცია. ორი ძველი რედაქცია – კიმენური (მოკლე, სათაურში ავტორად დასახელებულია არსენ ქართლის კათალიკოსი) და მეტაფრასული (მეტაფრასული რედაქციის სათაურში ნათქვამია, რომ იგი დაწერა ღისმან მარტვირი, იოანე ყოფილმან, იოანე ზედაზნელის მოწაფემ კონსტანტინეპოლიდან, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ცნობა ფსევდოეპიგრაფულად მიიჩნევა). ამ რედაციათა ავტორის, შექმნის თარიღისა და ურთიერთმიმართების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. კიმენურ რედაქციას სხვადასხვა მკვლევარები ათარიღებენ VII ს-ის დასასრულით (ს. კაკაბაძე), X ს-ის დასასრულით (კ. კეკელიძე), X ს-ის შემდგომი პერიოდით (ილ. აბულაძე), X ს-ის II ნახევრით (ე. გაბიძაშვილი; მკვლევარი ამ რედაქციას მიიჩნევს არსენ კათალიკოსის მიერ დაწერილ არქეტიპად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ერთიანი თხზულების – იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ნაწილს). მეტაფრასულ რედაქციას მკვლევართა უმრავლესობა კიმენური რედაქციის საფუძველზე XII ს-ში შექმნილ ძეგლად მიიჩნევს, უცნობი ავტორის მიერ (კ. კეკელიძე, ილ. აბულაძე, ე. გაბიძაშვილი). ს. კაკაბაძე ამ რედაქციის შექმნის თარიღად X ს-ის დასაწყისს ვარაუდობდა, გ. ფერაძე კი მის ავტორად დავით აღმაშენებლის სულიერ მოძღვარს, არსენ ბერს ვარაუდობდა, თუმცა ეს მოსაზრებები გაზიარებული არ ყოფილა. გარდა ამისა, მოღწეულია უცნობი ავტორის მიერ XVII-XVIII სს-ში შედგენილი შიოს მეტაფრასული ცხოვრების ახალი რედაქცია (ცნობილია ერთადერთი ხელნაწერით) და ორის სვინაქსარული რედაქცია – ერთი ძველი, XIII ს-ის ხელნაწერით მოღწეული (შექმნილია მეტაფრასტული რედაქციის საფუძველზე), ხოლო მეორე გვიანდელი, (სავარაუდოდ XVII-XVIII საუკუნეებისა, შემონახულია ერთადერთ, 1726 წლის ხელნაწერში, აგრეთვე შექმნილი უნდა იყოს მეტაფრასული ცხოვრების საფუძველზე). ცხოვრებათა ტექსტების გარდა მოღწეულია აგრეთვე “თხრობაÁ სასწაულთათვის მამისა შიოÁსთაÁ” შეკრებილი ბასილი კათალიკოსის (1090-1110) მიერ (ცნობილია მხოლოდ XVIII ს-ის ხელნაწერებით). ტექსტის შესავალი ნაწილის თანახმად, ავტორს შეუკრებია სხვადასხვა წყაროებში გაფანტულოი სასწაულების აღწერა. ცალკეული ცნობები შიოს შესახებ შემონახულია აგრეთვე იოანე ზედაზნელისა და აბიბოს ნეკრესლის ცხოვრებებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий