1 мар. 2012 г.

ძველი აღქმა (იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი)

საღმრთო ისტორია

(იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

    ძველი აღთქმა ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარეებისაგან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა დაიბადა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა გაჩნდნენ ქვეყანაზე? – ისინი შექმნა ღმერთმა. ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყოველი სულიერი და უსულო არსება, რასაც კი ქვეყნიერებაზე ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან შექმნილა და არავისგან შექმნილა და არავისგან დაბადებულა; იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას. კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალას ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ფეხებს, მთელ სხეულს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელს. მას შეეძლო, ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.



                                                            დაბადება  








       თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული იყო ერთმანეთში და ამ ნარევზე იწვა საშინელი სიბნელე. მაშინ უფალმა პირველ დღეს ბრძანა: იქმნას ნათელი. და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი გაჰყო სიბნელისაგან, პირველს უწოდა დღე და მეორეს – ღამე. მეორე დღეს უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა. და ერთი თვალის დახამხამებაში გაჩნდა ხილული ცა და გადაეკრა დედამიწას მოლურჯო გუმბათივით. მესამე დღეს ღმრთის ბრძანებით წყალი გაიყო ხმელეთისაგან და შეგროვდა მდინარეებად და ზღვებად, ხოლო ხმელეთმა აღმოაცენა ბალახი, ხეხილი და ყველა მცენარე. მეოთხე დღეს უფალმა გააჩინა მნათობნი ცისანი: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მეხუთე დღეს შექმნა თევზნი წყალში და ფრინველნი – ჰაერში. მეექვსე დღეს უფალმა გააჩინდა ნადირნი და ყველა ცხოველი, ხმელეთზე მცხოვრები, და უკანასკნელად შექმნა ადამიანი.



ადამიანის შექმნა 



     სამოთხე

       ყველა სხვა ქმნილება ღმერთმა გააჩინა სიტყვით ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაგვარად ინება. ჯერ თქვა: შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა. მერე აიღო მიწა, გააკეთა კაცის სხეული და ჩაჰბერა მას სული უკვდავი. ასე დაიბადა ქვეყნად პირველი კაცი, რომელსაც ღმერთმა დაარქვა სახელად ადამი, რაიცა ნიშნავს მიწიდან ამოღებულს. იგი ღმერთმა დააბინავა მშვენიერ ბაღში – სამოთხეში.

ადამმა დაათვალიერა ღვთისაგან გაჩენილი ყველა ცხოველი, კარგად გასინჯა ისინი, მაგრამ ვერ ჰპოვა მათ შორის თავისი მსგავსი, თავისი თანასწორი. ადამისთანა გონიერი და მეტყველი არსება იმათში არცერთი არ ერია და ამიტომ ადამს არ შეეძლო, თავისი აზრი ვისთვისმე ეთქვა, გრძნობა გაეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო და მოიწყინა.

ღმერთმა რომ ეს შენიშნა, თქვა: არ არის კარგი ადამის მარტოდ დარჩენა, გავუჩინოთ მას ტოლი, მეგობარი. მოჰგვარა უფალმა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან წიბო და შეუქმნა მეგობარი – ცოლი, რომელსაც ადამმა ევა დაარქვა. ბოლოს უფალმა აკურთხა, დალოცა ორნივე და უთხრა: გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უფლებდეთ მას ზედა.

ეს მოხდა მეექვსე დღეს. დადგა მეშვიდე დღე და უფალმა განისვენა ქმნისაგან.



                                               ადამის და ევას შეცოდება

ერთხელ ევა სამოთხეში მარტო დასეირნობდა და აკრძალულ ხეს მიუახლოვდა. ამ დროს მახლობელ ხეზე დაინახა გველი და შეჩერდა. გველმა მაშინვე ტკბილი ხმით გადმოსძახა: „ევა, ევა! ღმერთმა თქვენ მართლა აგიკრძალათ სამოთხის ყველა ხილი?“ ევა კარგად ხედავდა, რომ მას უბრალო გველი არ ელაპარაკებოდა, მაგრამ თვალი და ყური მაინც არ მოარიდა, პირიქით, კიდეც გამოეპასუხა: „არა, ჩვენ ყველა ხილის ჭამის ნება გვაქვს, მხოლოდ, აი, ამ ხის ნაყოფი აგვიკრძალა უფალმა და გვითხრა: არამც და არამც არა სჭამოთ ეს ხილი, თორემ უთუოდ დაიხოცებითო“.

„ტყუილად შეგშინებიათ, - მტკიცედ უთხრა ეშმაკმა, - ღმერთმა კარგად იცის, რომ მაგ ხილის ჭამით არამც თუ არ დაიხოცებით, არამედ აგეხილებათ თვალები, შეიქმნებით ღმერთები და გეცოდინებათ ყველაფერი – კეთილიცა და ბოროტიც“.

ევა დააცქერდა აკრძალულ ხილსა და თვალში ძლიერ მოუვიდა. მივიდა ახლოს, მოწყვიტა ნაყოფი და ჭამა. მეორე ნაყოფიც მოჯლიგა მერე, მიუტანა ქმარს, უქო და იმანაც ჭამა.

მოხდა თუ არა ეს, ადამმა და ევამ იგრძნეს საშინელი ცვლილება. აქამდის ისინი იყვნენ მხიარულნი, ახლა კი გულზედ დააწვათ რაღაც მძიმე ვარამი; აქამდის ისინი მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ახლა კი ამ მოსვლისა ეშინოდათ და ძაგძაგებდნენ. თვალნი მათ მართლა აეხილათ, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცოდნის მაგიერ იმათ დაინახეს თავიანთი სიტიტვლე. აქამდის ისინი იყვნენ ნათლით შემოსილნი და ამიტომ არა გრძნობდნენ თავიანთ სიშიშვლეს და არც სირცხვილი იცოდნენ. ახლა კი ნათელი მოშორდათ, დაინახეს ერთმანეთი და შერცვათ.

მათ დაგლიჯეს დიდი ფოთლები ლეღვისა, აასხეს ერთმანეთზე და ტანზე აიფარეს.


/დაბადება 3,1-7/







Комментариев нет:

Отправить комментарий